ბათუმმა მოიგო, ლომმა წააგო

Home კატეგორიის გარეშე ბათუმმა მოიგო, ლომმა წააგო
ბათუმმა მოიგო, ლომმა წააგო

„რაგბი ევროპის“ სუპერთასი გარკვეული პაუზის შემდეგ ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურით განახლდა. მეორე წრის სტარტი იღბლიანი „ბათუმისთვის“ აღმოჩნდა, „შავმა ლომმა“ კი თავისი არსებობის ისტორიაში მეორე ევროპული მარცხი განიცადა შარშან თბილისში „ლოკომოტივ-პენზასთან“ მოულოდნელი წაგების შემდეგ.

No description available.ბათუმელებმა რუმინელ „მგლებს“ უმასპინძლეს და პირველ წრეში მარცხისთვის სრულფასოვანი რევანში აიღეს – 23:3. სამი ლელოსთვის მიღებულმა ბონუსმა კი შავიზღვისპირელებს 9 სატურნირო ქულა დაუგროვა და თუ მომავალ შაბათს თელავივში იქაურ „ჰითსაც“ მოუგებენ, პლეი-ოფისკენ უდიდეს ნაბიჯს გადადგამენ.

ამ „ჰითმა“ კი „შავ ლომს“ 24:18 აჯობა, ქართველებს ბონუსი გაატანა და ახლა სატურნირო ცხრილში პირველი ქართული სარაგბო ფრენჩაიზი 13 ქულით ლიდერობს. მეორეზე ისრაელის აფრიკულ-ფიჯური რაზმია 10 ქულით, რომელსაც „ბათუმი“ ერთით ჩამორჩება, ხოლო „ვულვზს“ 5 ქულა აქვს.

„შავი ლომი“ მომავალ კვირას ბუქარესტში რუმინულ ფრენჩაიზს ესტუმრება და წესით, იქვე უნდა გაინაღდოს ნახევარფინალისტობა. ყოველივე აღმოსავლეთ კონფერენციას ეხებოდა. დასავლეთში კი ყველაფერი ისედაც გარკვეული იყო. მართალია, ესპანურმა ფრენჩაიზმა პორტუგალიური პირველად დაამარცხა და ქულებითაც დაეწია (14-14), თუმცა ნიდერლანდური და ბელგიური ფრენჩაიზები უიმედოდ ჩამორჩებიან პირენელებს და დღეს თამამად შეიძლება „ლუზიტანუშისა“ და „იბერიანსის“ პლეი-ოფში გასვლის დადასტურება.

ავტორის პროფილი

სლავა გასპაროვი
სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.