გატუზო: მაშინ შინ დავრჩები და ძაღლს ვეთამაშები

Home აქეთურ-იქითური გატუზო: მაშინ შინ დავრჩები და ძაღლს ვეთამაშები
გატუზო: მაშინ შინ დავრჩები და ძაღლს ვეთამაშები

დღეს გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია” აუტსაიდერ „ელჩეს” მასპინძლობს. თამაშის წინა საღამოს „ღამურების” მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ პრეს-კონფერენცია გამართა.

„ელჩეს” ახალი მწვრთნელი ჰყავს. მას არგენტინელი ხორხე ალმირონი დაუბრუნდა. როგორ უნდა გააანალიზოთ გუნდი, რომელმაც თქვენთან თამაშის წინ თავკაცი შეცვალა?

ალმირონი არის მწვრთნელი, რომელმაც თავისი მიდგომებს გადახედა, თუმცა სამ დღეში „ელჩეში” ყველაფერს ვერ შეცვლიდა. ამ შეხვედრაში ფავორიტად ჩვენ მიგვიჩნევენ და თუ თავი არ დავდეთ, გაგვიჭირდება. პირადად მე იოლი თამაში ცხოვრებაში არ მქონია. დაბეჯითებით ვიცი, მთელი გულით თუ არ თამაშობ, დაგამარცხებენ. „მესტალიაზე” 42 000 გულშემატკივარი გაგვამხნევებს და ცხადია ჩვენ უნდა შევუტიოთ — დინჯად, მაგრამ დიდი გულით. მე ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ თუ 60%-ით ითამაშებენ, წავაგებთ. „ელჩე” სტანდარტული მდგომარეობებიდან სახიფათოა. ოთხიდან ორი სწორედ სტანდარტულიდან გაიტანა. იმედი მაქვს, ბიჭებმა სწორად გამიგეს.

ეს თამაში მაშინებს. ამიტომ, ბიჭები მოედანზე რომ გავლენ, უნდა იფიქრონ, რომ ამ შეხვედრაში ჩემპიონის ტიტულის ბედი წყდება.

როგორ მატჩს ელით?

ვფიქრობ, მეტოქე 5-4-1 სქემას ამჯობინებს და ბურთს სწრაფად გადაიტანს წინ. ეგრეთწოდებულ ვერტიკალურ ფეხბურთს გვეთამაშება. „ელჩე” ძლიერი მხარეები აქვს და ჩვენ მარტივი პასები არ უნდა ვყლაპოთ.

უგო გილამონი ითამაშებს?

მან გუშინ და დღეს ივარჯიშა, მაგრამ ჯერ კიდევ შევხედავთ. მეც დაველაპარაკები. არ მიყვარს მოედანზე იმ ფეხბურთელის გაშვება, რომელიც 100 პროცენტით არ არის მზად.

ერთ კვირაში სამი თამაში გელით.  თქვენი ძირითადი შემადგენლობა ამისთვის მზად არის?

„სევილიასა” და „მალიორკაზე” ჯერ არ ვფიქრობ. ჯერ „ელჩეს” შევხვდებით და მერე ვნახავთ, ვინ დაიღალა და ვინ არა.

სამუ კასტილეხო როგორ არის?

მას პრობლემა ჰქონდა და 100%-ით მზად ჯერ არ არის. ამიტომაც გუნდთან ერთად არ ვავარჯიშებ. რა აზრი აქვს ვარჯიშს, თუ ბოლომდე არ იხარჯები?

როგორ ფიქრობთ, თქვენი გუნდის ამოცანა ლა ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა თუ მეტი შეგიძლიათ?

ეს ფეხბურთია. „ოსასუნასთან” კარგად ვითამაშეთ მაგრამ მეტოქემ გოლი გაგვიტანა და კინაღამ კიდევ ორი თუ სამი შეგვიგდო. ამიტომ, თამაშის კონტროლი უნდა ვისწავლოთ, თორემ ისე ევროპაზე ფიქრს აზრი არ აქვს.

როგორ ფიქრობთ, „ბილბაოს”, „ბეტისს” ან „რეალ სოსიედადს” ტოლს არ დაუდებთ?

მე ჩემს გუნდს ვაკვირდები და ძალიან მომწონს ბიჭების დამოკიდებულება შინ თუ გარეთ. დანარჩენი მოედანზე გამოჩნდება.

დიაკაბი და მარკოს ანდრე დისკვალიფიცირებულები არიან. როგორ უნდა ამოძირკვოთ ეს წითელ-ყვითლები?

არავითარი ლაპარაკი. არავითარი პროტესტი. ჯობს მე გავაპროტესტო და მე გამაძევონ, ვიდრე ფეხბურთელები. მსაჯის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ და თუ სასტვენის ხმა არ გვესმის, უნდა გავაგრძელოთ თამაში. სათადარიგოთა სკამიდან მსაჯს არ უნდა დაუყვირო. მარკოს ანდრე სასტვენის შემდეგ მეტოქეს არ უნდა შეეხოს.

თქვენ უკვე სამჯერ გაგაფრთხილეს. მსაჯები ზედმეტ ყურადღებას ხომ არ გაქცევენ?

ვცდილობ გამოვსწორდე, მაგრამ ვერ ვახერხებ. ალბათ ჯობს გოლფი ვითამაშო. ისე, შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, მსაჯების საქმეს პატივს ვცემ, წესებსაც პატივს ვცემ, მაგრამ მოედნის გასწვრივ წინ და უკან თუ არ დავდივარ და არ ვლაპარაკობ, მაშინ შინ უნდა დავრჩე და ჩემს ძაღლს ვეთამაშო.

 

 

 

 

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.