მარჯვენა ბარძაყზე ნახევრადტენდინოზური კუნთის დაგრძელება: „ნაპოლის” კამერუნელმა ნახევარმცველმა ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისამ მკურნალობა უკვე დაიწყო. ლუჩანო სპალეტი ახლა ფრანგ ტანგუ ნდომბელეს უნდა დაეყრდნოს.
როგორც ექიმები ამბობენ, ანგისას მსოფლიოს ჩემპიონატის წინ სამი კვირის გამოტოვება მოუწევს, თუმცა იძლევიან იმედს, რომ „ნაპოლის” ნახევარმცველი მუნდიალამდე დაუბრუნდება და ყატარი 2022-ზეც გაემგზავრება. კამერუნის ნაკრები G ჯგუფში ბრაზილიასთან, სერბეთთან და შვეიცარიასთან ერთად არის. პირველი მატჩი კამერუნს 24 ნოემბერს შვეიცარიასთან აქვს, მეორე 28-ში სერბეთთან და მესამე 2 დეკემბერს ბრაზილიასთან. ეროვნული გუნდის მწვრთნელი, წარსულში ცნობილი ფეხბურთელი რიგობერტ სონგი ანგისას გუნდის ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელად მიიჩნევს და მაქსიმალურად აითრევს ფეხს, მსოფლიოს ჩემპიონატზე მის გარეშე გამგზავრება რომ არ მოუხდეს.
მუნდიალამდე „ნაპოლის: კიდევ 8 თამაში ელის, სერია A-ში 6 და ჩემპიონთა ლიგაში — 2. ზემოთ ანგისას ალტერნატივა ვახსენეთ და ნდომბელე დავასახელეთ. ცხადია, ეს ყველაზე სავარაუდო ვარიანტია, თუმცა არის კიდევ ორი შესაძლებლობა: ჩრდილო მაკედონიელი ელიფ ელმასი ან ჯანლუკა გაეტანო. თეორიულად, თუ გუნდი 4-2-3-1 განლაგებაზე გადაერთვება, შესაძლოა გერმანელი დიეგო დემეს გამოყენებაც.
კვირას, „ნაპოლი” „ბოლონიას” ხვდება. როგორც ამბობენ, სპალეტი ამ შეხვედრაში შემადგენლობის გადახალისებას აპირებს, ოღონდ ეს ხვიჩა კვარაცხელიას წესით არ უნდა ეხებოდეს. „სქაი სპორტის” ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო ამბობს, რომ კარში კვლავ მერეტი იდგება, დაცვაში კი იქნებიან დი ლორენცო, კიმი, ჟუან ჟესუსი და მარიო რუი, რომელიც ოლივერას მაგივრად დაუბრუნდება ძირითად შემადგენლობას. ნახევარდაცვაში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჟელინსკისა და ლობოტკას ნდომბელე შეუამხანაგდება, თავდასხმაში კი კვარაცხელიასა და რასპადორის მარჯვნიდან კვლავ პოლიტანო დაეხმარება. ანუ ლოსანო ძველებურად სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლებს.
სასტარტოში რასპადორის თამაში იმას ნიშნავს, რომ „ნაპოლიში” ცენტრალური თავდამსხმელის ადგილზე დიდი კონკურენცია გრძელდება: სიმეონე და ოსიმენი სასტარტო შემადგენლობაში ადგილისთვის იბრძვიან.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები15/09/2026 | 08:42მიქაუტაძისთვის სახეირო არაფერი იყო
მთავარი ამბავი15/09/2026 | 07:18მბაპეს და დემბელეს შორის ურთიერთობა დაიძაბა
აქეთურ-იქითური14/09/2026 | 10:14ჰოლანდის გოლი არ უნდა ჩათვლილიყო
აქეთურ-იქითური14/09/2026 | 08:08ლუის ენრიკე: უფრო ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ
