24 აგვისტოს, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს, 2023 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში, მორიგი მატჩი ნიდერლანდებთან ელის. თამაში ახალ სპორტის სასახლეში 19:00 საათზე დაიწყება.სატურნირო თვალსაზრისით შეხვედრას საქართველოს ნაკრებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს – გამარჯვების შემთხვევაში, ილიას ზუროსის გუნდი მონდიალისკენ გაიწევს… მე-2 ჯგუფურ ეტაპზე ახლა ასეთი სიტუაციაა: ესპანეთი, იტალია და ისლანდია 3-3 მოგებით ლიდერობენ, შემდეგ მოდის საქართველო (2), უკრაინა (1) და ნიდერლანდები (0). მიუხედავად იმისა, რომ ნიდერლანდელებს სამ საუკეთესო გუნდში მოხვედრის შანსი, ფაქტობრივად, დაკარგული აქვთ, იოლი გასეირნება არ გვექნება.
ამ მატჩამდე ორივე გუნდი ბლომად წაგებებით მივიდა: საქართველომ შვიდი ამხანაგური თამაში წააგო, ნიდერლანდებმა – ხუთი. წარუმატებელი სერიის გარდა, ნიდერლანდელებს ერთ-ერთი წამყვანი კალათბურთელი, იანიკ ფრანკეზე დაემტვრათ. საქართველოს ნაკრებში კი, ჯერ საეჭვოა გოგა ბითაძის თამაში. მატჩისწინა ღია ვარჯიშზე გოგა გუნდთან ერთად კი იყო და აქტიურობდა, მაგრამ შემდეგ მუხლზე ექიმთან ერთად წამლობდა და არც ჟურნალისტებთან სასაუბროდ გამოსულა.ტრავმები მოიშუშეს და ვარჯიში განაახლეს კახა ჯინჭარაძემ და მიხეილ ბერიშვილმა. თუმცა, ნიდერლანდებთან რომელი მოხვდება განაცხადში, უცნობია. უფრო – ჯინჭარაძე. ვარჯიშის მიხედვით კი, საქართველო ეროვნული გუნდის სასტარტო ხუთეული ასეთი უნდა იყოს: მაკფადენი, სანაძე, მამუკელაშვილი, შენგელია, შერმადინი.
ჟურნალისტებთან ისაუბრა ჩვენი გუნდის ბერძენმა სპეციალისტმა ილიას ზუროსმა. „ვფიქრობ, მოსამზადებელი პერიოდი ნაყოფიერად გამოვიყენეთ. მართალია, ამხანაგური მატჩები წავაგეთ, მაგრამ ბევრ საკითხზე ვიმუშავეთ. ახლა მთავარია მსოფლიო შესარჩევზე ერთი მატჩი მაინც მოვიგოთ, რათა ევრობასკეტს კარგ ხასიათზე შეხვდეთ. ბითაძეს რაც შეეხება, გუშინ და დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშა. ვნახავთ როგორ ფორმაშია და თუ მზად იქნება, ხვალაც ითამაშებს“, – თქვა ზუროსმა.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი28/05/2026 | 22:04დიდი სენსაცია პარიზში
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 18:09ერთი დღის ორი ოქრო
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 15:15საქართველო ესპანელს ჩაბარდა
კატეგორიის გარეშე09/04/2026 | 17:23საქართველო მსოფლიო თასის ფლეი ოფშია
