Breaking News

მოაშორეთ ეს კაცი!

Cristiano Ronaldo of Manchester United in action during the Premier League match between Manchester United and Brighton & Hove Albion at Old Trafford...„მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელებს კრიშტიანუ რონალდუს ქცევა მობეზრდათ. გამოიკვეთა მოთამაშეთა ჯგუფი, რომელთაც უჯობთ პორტუგალიელი წავიდეს, ვიდრე მასა და კლუბს შორის ჯიჯღინი გაგრძელდეს. კლუბის მავანმა თანამშრომელმა ჟურნალისტებს ასეთი ამბავი გამოუტანა:

„ის, რაც ხდება მის თანაგუნდელებს უკვე აღიზიანებთ. რასაკვირველია რონალდუს ფეხბურთელებს შორის თავისი წრეც ჰყავს, მაგრამ დანარჩენები ბრაზდებიან”, — თქვა წყარომ.

მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელი „მანჩესტერ იუნაიტედში” „იუვენტუსიდან” შარშან გადავიდა, ახლა კი გაქცევაზეა. კლუბს მისი გაყიდვა არ უნდა. ვარსკვლავი ამბობს, რომ „იუნაიტედის” ხელმძღვანელებს მისთვის სიტყვა ჰქონდათ მიცემული — თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელ ადგილს ვერ მოიპოვებდა, მას არ დააბრკოლებდნენ.

რონალდუს აგენტი ჟორჟე მენდეში კლუბის აღმასრულებელ შეფს რიჩარდ არნოლდს სთხოვდა, მას მხოლოდ თანხა დაესახელებინა და მავანი ინკოგნიტო კლუბი ამ ფულს ციმციმ ჩაურიცხავდა. არნოლდმა რჩევისთვის მანკუნიანელთა მეპატრონეებს ძმებს გლეიზერებს მიმართა, ამერიკელებმა კი ცივი უარი შემოთვალეს.

კრიშტიანუმ „ოლდ ტრეფორდიდან” წასვლის იმედით სეზონისწინა შეკრებაში მონაწილეობა არ მიიღო, ოჯახური პრობლემები მოიმიზეზა და გუნდს მხოლოდ ბოლო ამხანაგურ შეხვედრაში შეუერთდა. ეს გახლდათ მატჩი „რაიო ვალეკანოსთან”, რომელშიც პორტუგალიელი პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს და მან, გაბრაზებულმა, სტადიონი თამაშის დამთავრებამდე დატოვა.

შემდეგ, პრემიერლიგის პირველი ტურის შეხვედრაში, „ბრაიტონთან”, ერიკ ტენ ჰაგმა რონალდუ 53-ე წუთზე შეუშვა მოედანზე, მაგრამ თავდამსხმელმა ვერაფერი გააწყო და „იუნაიტედმა” წააგო 1:2.

კლუბსა და ვარსკვლავს შორის დაძაბულობა გრძელდება.

პაპუნა კედია

"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.