გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” ახალი ფეხბურთელი სამუელ ლინო დაიმატა. მას უკვე შეუძლია დღეს, „ნოტინგემ ფორესტთან” ითამაშოს.
22 წლის ბრაზილიელი გარემარბი „ღამურების” მეორე ახალწვეულია. პირველი გახლდათ 27 წლის სამუ კასტილეხო, „მილანიდან”. ლინო ესპანეთში ორი დღის წინ ჩავიდა და IMED ჰოსპიტალში სამედიცინო შემოწმებაც გაიარა.
„ბედნიერი ვარ „ვალენსიაში” რომ გადმოვედი. მზად ვარ საქმეში შაბათსვე ჩავერთო”, — თქვა პორტუგალიური „ჟილ ვისენტეს” ყოფილმა ფეხბურთელმა, რომელმაც გასულ სეზონში 37 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გადააწოდა.
ახლა, როდესაც ჯენარო გატუზომ შემადგენლობა ორი ფლანგელით გააძლიერა, ვალენსიური პრესის აზრით, მთავარი ნახევარდაცვის განახლებაა. მიმომხილველები ფიქრობენ, რომ „ჩეებს” მოედნის შუაში ძალა აკლიათ. როგორც ცნობილია, გატუზოს უყვარს, როდესაც მისი გუნდი ბურთს ფლობს, რისთვისაც ცენტრში სამი კაცი სჭირდება. რამდენიმე დღის წინ დავწერეთ, რომ ერთ-ერთი ფეხბურთელი, რომელზეც იტალიელ მწვრთნელს თვალი აქვს დადგმული, გახლავთ ბრაზილიელი არტურ მელო, რომელსაც „იუვენტუსი” შეელევა, მაგრამ იაფად არ თმობს. ისიც მოგახსენეთ, რომ მელოსთან დაკავშირებით არის კიდევ ერთი პრობლემა — მას ევროკავშირის პასპორტი არ აქვს. მოლაპარაკებები გრძელდება.
როგორც superdeporte წერს, გატუზოს რამდენიმე სათადარიგო ვარიანტზეც აქვს ნაფიქრი, რომელთა შორის არის 26 წლის ურუგვაელი ლუკას ტორეირა. ის ლონდონის „არსენალს” ეკუთვნის, მაგრამ ბოლოს იჯარით „ფიორენტინაში” თამაშობდა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 14:14დიომანდეს ბავშვობის საყვარელი გუნდი არის ლივერპული… არა პსჟ!
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 10:57დაგვიანება ამერიკული მოვლენაა?
მთავარი ამბავი17/06/2026 | 09:12მესი! მესი! მესი!
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 09:11თურმე ესპანელებს პირველი თამაში არ ეხერხებათ
