Vive le France!

Home დავთარი Vive le France!
Vive le France!

No description available.საფრანგეთს გაუმარჯოს! ევროპული რაგბი ფრანგული ჰეგემონიის ეპოქას განიცდის. ადრეულ გაზაფხულზე ამ ქვეყნის ეროვნულმა ნაკრებმა „ექვსი ერი“ მოიგო, პარასკევს მარსელის „ველოდრომზე“ ჩელენჯ კაპის ფრანგული ფინალი შედგა, რომელიც „ლიონმა“ მოიგო, შაბათს კი, იგივე არენაზე ფანგულმა „ლა როშელმა“ ირლანდიურ „ლენსტერს“ სძლია და თავისი სახელი ჩემპიონთა თასის მფლობელთა გრძელ სიაში პირველად ჩაწერა.

„ლენსტერი“ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი სარაგბო კლუბია – ჩემპიონთა თასს 4-ჯერ ფლობდა და ამ მაჩვენებლით მხოლოდ ევროპის შარშანდელ ჩემპიონ ფრანგულ „ტულუზს“ (5-გზის მფლობელი) ჩამორჩება, ხოლო „ლა როშელი რამდენიმე წლის წინ სულაც პრო დ2-ში თამაშობდა და წლიდან წლამდე საოცარ პროგრესს განიცდიდა.

შარშან ეს გუნდი ხსენებულ „ტულუზთან“ ორ ფინალში დამარცხდა – ტოპ 14-სა და ჩემპიონთა თასზე და ეს იყო ამ პატარა ატლანტიკისპირა ქალაქის სარაგბო გუნდის ისტორიული წარმატება. საამაყოა, რომ წლების განმავლობაში ამ გუნდის წარმატებაში შერკინების ქართველ მწვრთნელს, სახელოვან ბორჯალოსან აქვსენტი გიორგაძეს შეჰქონდა, ნახსენებ სეზონში კი მისი ადგილი არანაკლებ სახელოვან დავით ზირაქაშვილს ეკავა. ჰოდა, „ლა როშელი“ საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორ სიმაღლეებს შეიძლება შეწვდე სწორი მენეჯმენტის მეშვეობით, თუნდაც ფინანსურად იგივე საფრანგეთშიც არ გამოირჩეოდე.

No description available.მოკლედ, „ლენსტერი“ თითქმის მთელი თამაში იგებდა, მაგრამ შეხვედრის ბოლო 20-წუთეული ფრანგთა დიდი სათამაშო უპირატესობით წარიმართა. „ლა როშელის“ უფრო მძლავრი ფორვარდები მთელი ეს დრო არაადამიანურად ჩეჩქვავდნენ კუნძულელებს და ბოლო წამებზე საწადელს სწორედ „აიღე და მიეძალე“-თი მიაღწიეს – 17:21 აქციეს 24:21-ად და ამ ტურნირის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი სენსაცია გამოაცხვეს.

სამწუხაროდ, „ლა როშელის“ ამ ტრიუმფში მონაწილეობა არ მიუღია გურამ პაპიძეს, 24 წლის ქათველ ბურჯს, რომელმაც ტრავმა ვერა და ვერ მოიშუშა.

ამრიგად, ფრანგული საკლუბო და სანაკრებო რაგბის სწორი მიმართულებით სვლა უკვე თვალნათლივ ჩანს – როგორც ითქვა, წლეულს ფრანგებმა ყველაფერი მოიგეს და გაისად მსოფლიო თასია, რომელიც, სხვათა შორის, სწორედ საფრანგეთში გაიმართება.

 

ავტორის პროფილი

სლავა გასპაროვი
სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.