ცოფიანი ძაღლები

Home აქეთურ-იქითური ცოფიანი ძაღლები
ცოფიანი ძაღლები

Gareth Bale is preparing for what could be his final game for Real Madridხვალ ჩემპიონთა ლიგის ფინალია. „რეალი” პარიზში ჩაფრინდა და… ჟურნალისტებს ჩაცმულობით კვენტინ ტარანტინოს „ცოფიანი ძააღლები” გაახსენა.

სამოსზე ყურადღების ასეთი გამახვილება არ უნდა გაგვიკვირდეს. ევროპაში სეზონი დამთავრდა, მსოფლიოს ჩემპიონატი ნოემბრამდე არ არის, სატრანსფერო ბაზარში კი ჯერ „დახლებს აწყობენ”, ასე რომ თვალი აქეთ-იქით გარბის. ასე მაგალითად, თქვეს, რომ მარსელო, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ფინალის მოლოდინშია, სიმპათიურად გამოიყურებოდა, ტონი კროოსი კი „მე ვარ რობოტის” პრესონაჟს ჰგავდა.

The Real Madrid players were reminiscent of the cast of Reservoir Dogsკადრში მოხვდა გარეთ ბეილიც, რომელმაც დამხვდურებს ჯეიმს ბონდი გაახსენა. ესპანური პრესის მიერ პარაზიტად გამოცხადებული უელსელი „რეალის” ფინალებში სამი გოლის ავტორია. კარლო ანჩელოტიმ ის პარიზში წამსვლელ 26 კაცში შეიყვანა, მაგრამ ძალიან საეჭვოა, რომ ათამაშოს. თუმცა ვინ იცის…

მადრიდელთა საფრანგეთში ჩასვლამ ჰოლივუდური ფიქრები ეტყობა ისე აშალა, რომ დაწერეს, ჩემპიონთა ლიგის „ნათლია” დონ კარლო ანჩელოტი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედ მოსაპოვებლად ემზადებაო. მან ეს თასი ბოლოს 2014 წელს სწორედ „რეალს” მოაგებინა. რვა წლის წინანდელი წარმატება „თეთრებისთვის” მეათე იყო. ახლა ისინი ცამეტგზის გამარჯვებულები არიან.

„რეალის” ხვალინდელი მეტოქე გახლავთ „ლივერპული”, რომელთანაც ანჩელოტის თავისი ისტორია აკავშირებს. ანჩელოტისა და „ლივერპულის” ხსენებაზე გულშემატკივარს შეუძლებელია უპირველეს ყოვლისა სტამბოლის ფინალი არ გაახსენდეს. ეს იყო 2005 წელს, როდესაც კარლეტო „მილანს” ედგა სათავეში. იმ დღეს „როსონერი” 3:0-ს იგებდა, მაგრამ სამი გოლი გაუშვა და საბოლოოდ პენალტებით წააგო.

ორი წლის შემდეგ ანჩელოტიმ მერსისაიდელებს ანგარიში გაუსწორა: ფინალში იგივე გუნდები შეხვდნენ ერთმანეთს და „მილანმა” 2:1 მოიგო.

ხვალ კი „რეალსა” და „ლივერპულს” შორის გაიმართება დიდი ბრძოლა. „ლივერპული” „კერკეტი კაკალიცაა” და „მამაცი გულიც”. თან, მო სალაჰს შურისძიება სწყურია. ეგვიპტელი ინტერვიუებში არ მალავს, რომ 2018 წლის ფინალში დამარცხება და მისი იმდღევანდელი დაშავება ვერ მოუნელებია. ის „გამძვინვარებული ხარივით” გრძნობს თავს.

 

 

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.