შაბათს, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასის ფინალამდე ორიოდ საათით ადრე, „ჩელსიში” უცნაური ამბავი მოხდა — ანდრეას კრისტენსენმა მწვრთნელ თომას ტუხელს უთხრა, რომ თამაშისთვის მზად არ იყო, გუდა-ნაბადი აიკრა და სასტუმროდან წავიდა. თანაგუნდელები გაოცებულები უყურებდნენ.
დანიელმა წინა შეხვედრა „ლიდს იუნაიტედთან” თავიდან ბოლომდე ითამაშა და ცუდი მომზადებისა არაფერი ეტყობოდა. ტუხელი იძულებული გახდა შემადგენლობა შეეცვალა — კრისტენსენის ნაცვლად დაცვაში 22 წლის, გამოუცდელი ტრევორ ჩალობა ათამაშა.
მატჩი დამთავრდა 0:0. გოლის გარეშე ჩაიარა დამატებითმა დრომაც, პენალტების სერიაში კი ლონდონელებმა „ლივერპულთან” 5:6 წააგეს.
ფინალის დამთავრებიდან ერთ საათში ტუხელმა, ჟურნალისტებთან საუბრისას დანანებით აღნიშნა, რომ კრისტენსენი ზაფხულში გუნდს ტოვებს, თუმცა ვითომ ეს ფინალის წინ სასტუმროდან გაქცევის მიზეზი უნდა ყოფილიყო?
ტუხელი: „ძნელია, რადგან ტონი (რუდიგერი) და ანდრეასი დაგვტოვებენ”.
კრისტენსენი თავისუფალი აგენტი ხდება და მის აყვანას ესპანური ფეხბურთის გიგანტი „ბარსელონა” აპირებს.
დანიელ ფეხბურთელთან დაკავშირებულმა ადამიანმა ინგლისურ პრესას შეატყობინა, რომ მცველი ფინალის წინა დღეებში თავს კარგად ვერ გრძნობდა. როგორც ჩანს, მან „ლურჯების” შემადგენლობაში ბოლო შეხვედრა უკვე ჩაატარა.
ლონდონელები პრემიერლიგის ცხრილში მესამე ადგილზე არიან და ორი თამაში დარჩათ: ხუთშაბათს ლესტერში და კვირას შინ „უოტფორდთან”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 08:00ინგლისის ნაკრები კანზასში გაქურდეს
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 06:55მსაჯი ევანსი რასისტია თუ უბრალოდ არ იცის რას აკეთებს?
აქეთურ-იქითური15/06/2026 | 08:52ბარკოლას პარი სენ ჟერმენისთვის გაშვება უთხოვია
აქეთურ-იქითური15/06/2026 | 07:41ურუგვაიმ აშშ-ში ჩაფრენაზე იწვალა
