31 წელია რაც „რომა” ევროთასის ფინალში არ გასულა და აი, „ჯალოროსის” კონფერენციის ლიგის მოგებამდე ხელის გაწვდენაღა დარჩა. იტალიის დედაქალაქის გუნდმა ეს ჟოზე მოურინიუს ხელმძღვანელობით შეძლო. პორტუგალიელმა მწვრთნელმა მოჭარბებულ გრძნობებს ვეღარ გაუძლო და იტირა.
ნახევარფინალში „რომას” „ლესტერ სიტის” ბარიერი ჰქონდა გადასალახი. დაპირისპირების ბედი ტამი აბრაჰამის მიერ მე-11 წუთზე გატანილმა თავურმა გოლმა გადაწყვიტა. ამრიგად, ახალი დაარსებული თასის პირველი გამარჯვებულის ვინაობა 25 მაისს, ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში „რომასა” და „ფეიენოორდის” შეხვედრაში გაირკვევა.
„რატომ წამსკდა ცრემლები? იმიტომ, რომ მეც იმას ვგრძნობ, რასაც ყველა. „რომა” ბუმბერაზი კლუბია, რომელსაც სოციალური მნიშვნელოვნებისთვის დიდების დარბაზი სჭირდება. კარგად ვიცი, თუ რას ნიშნავს ეს ამ ხალხისთვის. ჩემი ემოცია მათ ეძღვნებოდა. ცხოვრებაში ამაზე პრესტიჟულ ფინალებშიც ვყოფილვარ, მაგრამ დღევანდელმა წარმატებამ განსაკუთრებული გრძნობა მომგვარა.
ჩვენ ოჯახი ვართ. ასაკში ეგოიზმი იკლებს და თავს ფეხბურთელების მამად, ზოგი მათგანის პაპადაც ვგრძნობ. მათი წარმატება მახარებს. დღეს რომი წითელ-ყვითელი ქალაქია. სიხარულს უახლოეს დღეებში ნახავთ და ამაში მცირე წვლილი მეც შევიტანე”.
„რომასა” და „ლესტერის” პირველი შეხვედრა 1:1 დასრულდა.
„ლესტერის” თავკაცი ბრენდან როჯერსი: „მთელი სეზონის განმავლობაში ჩვენი სუსტი წერტილი სტანდარტული მდგომარეობებია და სამწუხაროდ ეს დღესაც გამოჩნდა. ასეთ დროს ყურადღებით უნდა იყო. ორგანიზებულობაა საჭირო. თან ჩვენ სტანდარტულ მდგომარეობებს ძალისმიერ მიდგომასაც ვაკლებთ.
მეტოქეს ხუთი ფეხბურთელი ჰყავდა, რომელთაც სტანდარტული მდგომარეობების დროს ხიფათის შექმნა შეეძლო. ამიტომაც, ყოველ ჯერზე, სადღაც რაღაც პრობლემა იჩენდა თავს”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური31/07/2026 | 16:12დინამო მუზეუმში
მთავარი ამბავი31/07/2026 | 15:53ქოჩორა სევილიასაც მოუნდა
აქეთურ-იქითური31/07/2026 | 09:25რატომ სადილობს ლუიშ კამპუში ფეხბურთელებთან?
აქეთურ-იქითური31/07/2026 | 07:50უეფამ ფიფას პრეზიდენტობა ალ-ხელაიფის შესთავაზა
