სილესენი კარში რატომ დააყენეთ, ამით ფინალის წინ მამარდაშვილი დაიცავით? — ჰკითხეს „ვილიარეალთან” 0:2 წაგების შემდეგ „ვალენსიას” მწვრთნელ ხოსე ბორდალასს. მან პირდაპირ პასუხს თავი აარიდა:
„ყოველთვის იმას ვამბობ, რომ ჩვენი სამივე მეკარე თავდაუზოგავად მუშაობს, ისინი მოტივირებულები არიან, მე კი კმაყოფილი ვარ. დღეს კარში ჯასპერის დაყენება გადავწყვიტე. ეს იყო თამაში, რომელშიც სილესენი გუნდში უნდა მოხვედრილიყო. შაბათის ამბავს კი ნახავთ. იმ დიდი შეხვედრის შემადგენლობა უკვე ვიცი”.
„ვილიარეალი” დღეს „ვალენსიაზე” ძლიერი გუნდია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „ლივერპულს” ხვდება. ლა ლიგაში კი „ღამურებთან” გამარჯვების შემდეგ 52 ქულით მე-7 ადგილზეა და კონფერენციის ლიგაზე გამსვლელ პოზიციას (რომელსაც სადღეისოდ „რეალ სოსიედადი” იკავებს) 3 ქულით ჩამორჩება.
„ვალენსია” კი 42 ქულით მე-10 ადგილზეა, რაც რეალურად იმას ნიშნავს, რომ გუნდი ევროტურნირებზე ჩემპიონატიდან ვეღარ გავა. ვალენსიელთა მთელი იმედი „სამეფო თასის” ფინალზეა, რომელიც 23 აპრილს შუაღამისას (ჩვენთან უკვე 24 აპრილი რომ იქნება) გაიმართება. „ვალენსიას” მეტოქე სევილიის გუნდი „რეალ ბეტისია”. თამაში გაიმართება სევილიაში, ოღონდ „ბეტისის” „ბენიტო ვილიამარინზე” კი არა, სხვა სტადიონზე, „ლა კარტუხაზე”.
„ღამურებმა” ევროთასებზე გამსვლელი ადგილისთვის ბრძოლა თავად შეწყვიტეს — ბორდალასმა „ვილიარეალის” საუკეთესო შემადგენლობას ფაქტობრივად სათადარიგო გუნდი დაუპირისპირა. „ესტადიო დე ლა კერამიკას” მოედანზე მისი საუკეთესო მოთამაშეებიდან მხოლოდ კარლოს სოლერი და ტიერი რენდალი იყვნენ. გამოდის, რომ ახლა საკითხი ჯიქურ დგას: თასი ან არაფერი!
და მაინც, რას ნიშნავდა კარში ჯასპერ სილესენის დაყენება? გიორგი მამარდაშვილის დასვენებას თუ ჰოლანდიელის ფინალისთვის მომზადებას? დიდი შანსია, რომ ორივეს. ასეთ შემთხვევაში, ბორდალასი ფინალის შემადგენლობაზე ჯერ კიდევ ფიქრობს. ჯასპერ სილესენი გამოცდილია — კარიერაში სამი ფინალი აქვს ნათამაშევი: 2017,18 და 19 წლებში „ბარსელონას” მეკარე იყო; ორჯერ მოიგო, ერთხელ სწორედ „ვალენსიასთან” წააგო.
რაც შეეხება „ვილიარეალისა” და „ვალენსიას” შეხვედრას, ორივე გოლი არნაუტ დანჯუმამ გაიტანა, თან მატჩის დასაწყისშივე; პირველი პენალტით მე-10 წუთზე, მეორე კი მე-17 წუთზე.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური31/07/2026 | 16:12დინამო მუზეუმში
მთავარი ამბავი31/07/2026 | 15:53ქოჩორა სევილიასაც მოუნდა
აქეთურ-იქითური31/07/2026 | 09:25რატომ სადილობს ლუიშ კამპუში ფეხბურთელებთან?
აქეთურ-იქითური31/07/2026 | 07:50უეფამ ფიფას პრეზიდენტობა ალ-ხელაიფის შესთავაზა
