„იუვენტუსის“ მცველი ლეონარდო ბონუჩი თავისი გუნდის ჩემპიონთა ლიგიდან მოულოდნელმა გავარდნამ ერთობ დაამწუხრა და სოციალურ ქსელში გამამხნევებელი გზავნილიც გამოაქვეყნა.
მოგეხსენებათ, ოთხშაბათს, ტურინში, ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ შეხვედრაში (პირველი მატჩი 1:1), „იუვენტუსმა“ „ვილიარეალთან“ 0:3 წააგო და ტურნირს სენსაციურად დაემშვიდობა.
„პირველად მოხდა ჩემს კარიერაში, რომ ასეთ თამაშს გვერდიდან ვუცქირე. მინდორზე არ ვიყავი. ამიტომ კარგად ვგრძნობ იმ იმედგაცრუებას, რაც ჩვენმა გულშემატკივრებმა გადაიტანეს. ბოდიში უნდა მოვუხადოთ მათ. ეს ერთადერთი რამაა, რაც შეიძლება დღეს გავაკეთოთ.
სხვა მხრივ, გაწბილება ბრაზში უნდა გადავზარდოთ. ძალიან უნდა გავბრაზდეთ და დარჩენილ მატჩებში იმ მიზნებისთვის მედგრად ვიბრძოლოთ, რომლებიც მომავალ სეზონში ისევ მოგვცემს ამ ტურნირში მონაწილეობის უფლებას“, – წერს ლეონარდო.
