ჯესი ლინგარდს „მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელის რალფ რანგნიკის ნათქვამზე მძაფრი რეაქცია ჰქონდა. გერმანელმა თქვა თითქოს ის ორდღიან დასვენებას ითხოვდა.
ლინგარდი ივნისში თავისუფალი აგენტი ხდება; „იუნაიტედთან“ ახალ კონტრაქტს ხელს არ აწერს და ამის მიუხედავად კლუბმა იანვრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს არც „ნიუკასლ იუნაიტედში“ გაუშვა და არც „ვესტ ჰემში“.
ლინგარდი 29 წლისაა. მიმდინარე სეზონში, პრემიერლიგაში, მოედანზე სულ 88 წუთი დაჰყო, მაგრამ დღეს ფეხბურთის ასოციაციის თასზე „მიდლსბროსთან“ თამაშის იშვიათი შანსი ეძლეოდა. ეს არ მოხდა. მიზეზი: რანგნიკმა გამოაცხადა, რომ ფეხბურთელმა თავის პრობლემებში გასარკვევად ორშაბათამდე დასვენება ითხოვა.
ამის გაგონებაზე ლინგარდი გაბრაზდა და ტვიტერში „ბრალდება“ უარყო.
„პირადი მიზეზების გამო რამდენიმე დღით დასვენება თავად კლუბმა შემომთავაზა. თავად მე გონებაში სრული სიცხადე მაქვს. არანაირ პრობლემებში გარკვევა არ მჭირდება. პროფესიონალი გახლავართ და როდესაც მათამაშებენ, 100 პროცენტით ვიხარჯები“.
აღსანიშნავია, რომ რანგნიკმა იგივე თქვა ედინსონ კავანიზეც — ორშაბათამდე დასვენება ითხოვაო. ამაზე „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ვარსკვლავმა გარი ნევილმა იხუმრა:
„სიუს დასვენება უნდა, ალანს შვებულება, ჯონი ავად იყო, ბარიმ ცნობა მოიტანა, კლაივი ან მოვა ან არა, ბარბარა კი წუთი წუთზე აქ იქნება“.
საინტერესოა, რომ რანგნიკს ამავე ტიპის კონფლიქტი მოუვიდა ანტონი მარსიალთანაც, რომელიც ამ ზამთარს იჯარის წესით „სევილიაში“ გადავიდა. გერმანელმა მწვრთნელმა თქვა, რომ ფრანგ ფეხბურთელს „ასტონ ვილასთან“ შეხვედრაში თამაში არ უნდოდა, მარსიალმა კი ეს ბრალდება კატეგორიულად უარყო. შვიდი წელიწადია აქ ვარ და კლუბისა და მისი ფანებისთვის ასეთი შეურაცხყოფა ერთხელაც არ მიმიყენებიაო.
რანგნიკის პასუხის პასუხი ასეთი იყო: „სათქმელი უნდა მეთქვა. მე მას ველაპარაკე, მინდოდა გავრკვეულიყავი ყველაფერში რაც მის თავს ხდებოდა, თუმცა ახლა ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. ვითარება დალაგდა“.
