„ატლეტიკო“ ესპანეთის ჩემპიონია და ამბიციებიც დიდი აქვს, მაგრამ წუხელ, ვილიარეალში ნათამაშებმა 2:2-მა ორი საჭირო ქულა დააკარგვინა. 20 ტურის შემდეგ დიეგო სიმეონეს გუნდი 33 ქულით მე-4 ადგილზეა. მდგომარეობა რთულია, რადგან ლიდერთან, „რეალთან“ ჩამორჩენა 16 ქულას უდრის, გარშემო კი ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრის მსურველები არიან ჩასაფრებული: „ატლეტიკოს“ მასავით 33 ქულიანი „რეალ სოსიედადი“ და 32 ქულიანი „ბარსელონა“ მოსდევენ.
რაც შეეხება „ვილიარელს“, ის 29 ქულით მე-8 ადგილზეა.
არადა, თამაში „როხიბლანკოსთვის“ დამაიმედებლად დაიწყო. მე-10 წუთზე ანხელ კორეამ შუა მოედნიდან გახსნა ანგარიში, მაგრამ „ყვითელი წყალქვეშა ნავი“ უიღბლობას არ შეუშინდა. ჯერ ხარიხას გაარტყა ბურთი, ხოლო 23-ე წუთზე სტუმართა კართან დიდი ალიაქოთი ატეხა: ხავი მორენოს დარტყმული მეკარემ მოიგერია, დანი პორეხოს დამატებული და შეგდებული კი VAR-მა აღარ ჩათვალა, ხელი იყოო.
თუმცა, უნაი ემერის გუნდმა ტაიმის მიწურულს მაინც გაქვითა — პორეხომ საჯარიმო დაარტყა, „ვილიარეალი“ აიბლანდა, პაუ ტორესმა კი შეაგდო.
მეორე ტაიმის დასაწყისში ალბერტო მორენომ მასპინძლები დააწინაურა, თუმცა 67-ე წუთზე ჟოფრე კონდოგიბამ, რომელიც ცენტრალური აფრიკიდან არის, შეხვედრის ბოლო გოლი გაიტანა — 2:2.
ახლა „ატლეტიკო“ ესპანეთის სუპერთასზე სათამაშოდ საუდის არაბეთს მიემგზავრება — 12 იანვარს ნახევარფინალში „ბილბაოს“ უნდა შეხვდეს — „ვილიარეალი“ კი მომდევნო უქმეებზე ლა ლიგაში სტუმრად „ელჩეს“ ეთამაშება.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური20/09/2026 | 09:37რუდ გულიტი: ვის მოუვიდა თავში აზრად სლოტის გაშვება?
კატეგორიის გარეშე20/09/2026 | 08:01რაფინიას გაბრწყინება ქოჩორას გუნდთან შეხვედრაში
აქეთურ-იქითური20/09/2026 | 06:56კვარამ და დემბელემ ერთმანეთი აქეს
აქეთურ-იქითური19/09/2026 | 08:48საფრანგეთში ზიდანის ერა იწყება
