
როგორ მინდოდა, საქართველოს ნაკრებს საბერძნეთისასთან მოეგო.
ჩემთვის არა – ჯაბა კანკავასთვის.
დიდებული საჩუქარი იქნებოდა.
ჩვენმა კაპიტანმა ნაკრებში მეასედ ითამაშა. კიდევ ერთი მატჩიც და ამ მხრივ საქართველოს ყველა დროის რეკორდსმენი გახდება.
ძალიან ბევრი და რთული გზებით იარა აქამდე.
პირველად სერიოზულად მაშინ დაიქუხა, როცა 18 წლისამ ჩეხური „სლავიას“ კარში დააქუხა და თბილისის „დინამო“ უეფას თასის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გაიყვანა.
იმავე 2004 წლის შემოდგომაზე ალენ ჟირესმა ნაკრებში დაუძახა და ალბანეთთან (2:0) დებიუტიც ჰქონდა.
მერე კი, მთელი 17 წელია, ისეთი, როგორც მას შეშვენის: გაგიგიათ, ჯაბამ ტრავმა მოიმიზეზაო? გინახავთ, ჯაბამ წვივები დაზოგაო? გიგრძვნიათ, რომ მოედნიდან ენერგიის თუნდაც მისხალი გასახდელში გაიყოლა? მომხდარა, რომ თანაგუნდელს ფარად არ გადაფარებია?სადღაც და რაღაცაში არ გაუმართლა. არც სანაკრებო და არც საკლუბო დონეზე.
მისთვის უკრაინულ „დნიპროზე“, „კრივბასზე“, ყაზახურ „ტობოლზე“ და ფრანგულ „რეიმსზე“ მეტი იყო ალალი, მაგრამ რაც მან 2014 წლის 30 მარტს გააკეთა, ბევრი სუპერვარსკვლავის კარიერას გადაწონის.
კიევის „დინამოსთან“ შეხვედრაში „დნიპროს“ მეკარე დენის ბოიკო მეტოქე ოლეგ გუსევს უხერხულად შეეჯახა. კიეველმა გონი დაკარგა, ჯაბამ ენა დაუჭირა. პირველი ადგილზე ჯაბა იყო და ექიმების მისვლამდე მოასულიერა მეტოქე.
მერე ექიმებმა აღიარეს – რომ არა კანკავა, გუსევის გადარჩენა შეუძლებელი იქნებოდაო.
ჯაბას მოგვიანებით უკრაინის საგანგებო სიტუაციათა სამსახურის საპატიო ჯილდოც გადასცეს. დღეს ჯაბა იმ ნაკრების ვეტერანია, რომელსაც ბეჭი 17 წლის წინ შეუდგა და ტვირთი დაუყვედრებლად ზიდა.
მქონდა ბედნიერება, კარიერის სულ გარიჟრაჟზე გამეცნო და ვიცოდი, რომ ვიამაყებდი ამ ნაცნობობით – წესიერი და სიტყვაძუნწი კეთილთვალება კაცია.
მადლობა, ჯაბა, 100-ანი ხარ!



ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
