დაღლამდეა ? წადით !

Home დავთარი დაღლამდეა ? წადით !
დაღლამდეა ? წადით !

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბრძანა, ნაკრებმა რომ სამი თამაში წააგო, ფედერაცია რა შუაშიაო?

ბუნებრივია, ამ ლოგიკით, ფედერაცია არც იმასთანაა კავშირში, ჩვენს გუნდებს წლიდან წლამდე აგვისტოშივე რომ კინწისკვრით ერეკებიან ევროტურნირებიდან.

ამ კვირაში ევროპის საკლუბო ტურნირების მატჩები გაიმართა, რომლებშიც უეფას წევრი 55-დან 36 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ. ესტონეთი იქაა, სომხეთი, აზერბაიჯანი, სლოვენია, ყაზახეთი, გიბრალტარიც კი…

ბალასტი გარეთ დარჩა: ლიხტენშტაინი, ლუქსემბურგი, ლიეტუვა, ლატვია, ბელარუსი, ანდორა, მაკედონია, ჩერნოგორია, ბოსნია, კოსოვო, ალბანეთი, სან მარინო, მალტა, ფარერები, ისლანდია, ირლანდია, უელსი, ჩრდ. ირლანდია და… საქართველო.

უბედურება ისაა, რომ ამ 18 მაჩანჩალიდანაც მხოლოდ რვას აღვემატებით უეფას კოეფიციენტთა ცხრილში. კლუბების პატრონებს ცალკე დავუთმობთ ყურადღებას და ჯერ იმ ხალხისა ვთქვათ, „შუაში რომ არ არიან“.

ეროვნული ჩემპიონატის ორგანიზატორი ვინ არის?

გაზაფხული-შემოდგომას მახინჯი სისტემა ვის გონებაში მომწიფდა?

ყველა საფეხბურთო რეგულაცია ვის ხელშია?

არასოდეს არაფერ შუაში ხართ, თუ საქმე ტელეკამერების წინ კეკლუცობას არ ეხება.

არასოდეს არაფერ შუაში ხართ, თუ სადმე საფეხბურთო მინი-მოედანს „კამპ ნოუდ“ არ გვასაღებთ. ყაზახეთს რომ მოვუგეთ, მაშინ ფედერაციის დამლაგებელმაც ლამის პირად დამსახურებად მიიწერა და როცა ქართულ ფეხბურთს ერთ კვირაში დაასხით ლაფი, ახლა დაიბანეთ ხელები?!

კაი, ბატონო, დგიჯერეთ, რომ ვილი სანიოლის ბრალია ყველაფერი, რომელიც თქვენ არ ჩამოგიყვანიათ. კიდევ ფეხბურთელების, რომლებსაც ელემენტარული ფიზიკურ-ტექნიკურ-ტაქტიკური მზაობა არ გააჩნიათ და ვილი სანიოლმა სპეცრეისით ჩამოიყოლა.

აბა, თქვენ ხომ არ გაუწევდით რეკომენდაციას და არ შეაჩეჩებდით სატრანსფეროდ პერსპექტიული ყმაწვილების სიას?

შეიძლება იყოს 1 ადამიანი-(ი)ს გამოსახულებაკიდევ იმ მწვრთნელების ბრალიცაა, კადრებს რომ ვერ გიმზადებენ და თქვენი ნება რომ იყოს, მწვრთნელის სერტიფიკატებს არ ჩამოურიგებდით.

კლუბების უმადური პრეზიდენტების ბრალიცაა, ვერაფრით რომ ვერ ვერ შეირგეს საბიუჯეტო მილიონები. და ყველაზე მთავარი დამნაშავე – უმადური ქართველი ქომაგი, რომელიც ვერ ხედავს ფედერაციის ტიტანურ შრომას და კოსოვოსთან ფრეს ვინ ჩივის, ერთბაშად მოგებას ითხოვს.

ჰოდა, რადგან დამნაშავეებს მივაგენით და დავრწმუნდით, რომ ქართულ ფეხბურთთან მართლა არანაირ შეხებაში არ ხართ, ეგებ წასულიყავით, ბიძიკოებო, სახლში? ოღონდ, ახლა არ დაიწყოთ, ვის სად გიგორებიათ ბურთი, თორემ ერთ ფიზკულტურის მასწავლებელს დაგისახელებთ და ერთსაც ჟურნალისტს, თავიანთი ქვეყნის გუნდები მსოფლიო ჩემპიონობამდე რომ მიიყვანეს…

ეძებეთ საქმე, რომელიც გამოგივათ. ეს ხომ სცადეთ?

ხომ არ გამოგივიდათ?

დაღლამდეა?