საბერძნეთს შვედეთთან გამარჯვება სჭირდებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბერძნების შანსს 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ დიდ სანაკრებო ტურნირზე მოხვედრილიყვნენ, ქარი წაიღებდა. და მათ ეს შეძლეს. ათენში მასპინძლებმა 2:1 აჯობეს შვედებს, რომლებისთვისაც ეს მიმდინარე წელიწადს მეოთხე წაგება იყო.
მოგეხსენებათ, ლაპარაკია მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის B ჯგუფზე, რომელსაც ესპანეთი ლიდერობს, ცხრილის მაჩანჩალა კი საქართველოა, რომელმაც თავისი ერთადერთი ქულა სწორედ საბერძნეთის ნაკრებს წაართვა.
ბერძნების შემართება პირველივე წუთებიდან თვალშისაცემი იყო და შეხვედრას ლაიტმოტივად გაჰყვა. ამ შემართების კარგი მაგალითი გახლდათ ვანგელის პავლიდისის ყვითელი ბარათი, რომელიც მან შეხვედრის პირველსავე წუთებზე მეკარესთან დაუნდობელი შეჯახებისთვის მიიღო.
თუმცა, მატიას სვანბერგის დარტყმა მასპინძლების კარის ძელს რომ არ მოხვედროდა, ყველაფერი შეიძლებოდა სხვანაირად დაწყებულიყო.
მე-13 წუთზე, ბერძნები პენალტს ითხოვდნენ, მაგრამ VAR-მა მოთხოვნა არ დაუკმაყოფილა.
შვედებისგან გოლის გატანა ალექსანდერ ისაკსაც შეეძლო, მაგრამ მეკარე ოდისეას ვლახოდიმოსმა ითამაშა შესანიშნავად. მეორე ტაიმში კი ბერძნების ორი გოლის დრო დადგა. 62-ე წუთზე ანასტასიოს ბაკასეტასმა გახსნა ანგარიში, 78-ე წუთზე კი ვანგელის პავლიდისმა VAR-ის გადამოწმებული მეორე გოლი შეაგდო.
შვედებმა სხვაობა მე-80 წუთზე შეამცირეს. გოლი რობინ ქუაისონმა გაიტანა, მაგრამ ეს შეხვედრის ბოლო გოლი გამოდგა.
ათენის ოლიმპიურ სტადიონზე კოვიდ-რეგულაციების გამო მაყურებელი შეზღუდული რაოდენობით იყო დაშვებული, მაგრამ სოციალურ დისტანციას მაინცდამაინც არ იცავდნენ. შესაძლოა, აცრის ცნობა ან PCR ტესტის პასუხი ჰქონდათ უარყოფითი.
საბერძნეთის ნაკრებს ესპანეთზე (რომელსაც 7 ქულით ჩამორჩება) ორი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. მას 9 ოქტომბერს ბათუმში, საქართველოს ნაკრებთან აქვს სათამაშო, 12 ოქტომბერს შვედეთში, 11 ნოემბერს შინ ესპანეთთან და 14 ნოემბერს შინ კოსოვოსთან.
რაც შეეხებათ შვედებს, ისინი ესპანელებს 4 ქულით ჩამორჩებიან და ასევე 2 მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული. მათი დარჩენილი განრიგი ასეთია: 9 ოქტომბერს შინ კოსოვოსთან, 12 ოქტომბერს შინ საბერძნეთთან, 11 ნოემბერს სტუმრად საქართველოსთან და 14 ნოემბერს სტუმრად ესპანეთთან.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:48ტენ ჰაგი: რონალდუ 2018 წლის შემდეგ ფუჭდებოდა
სიახლეები02/11/2026 | 08:08ლივერპულმა წააგო, ალისონმა ბურთი კარგად ვერ გამოიტანა
მთავარი ამბავი02/11/2026 | 06:37მაროკოელ ჟურნალისტზე გავლენის მოხდენას ცდილობდნენ
აქეთურ-იქითური01/11/2026 | 09:07ლივერპულში მედია მაინც ფრთხილად არის
