საფრანგეთის პრო დ2-ის რეგულარული ჩემპიონატის 28-ე ტურში თორნიკე ჯალაღონიამ „ორიაკთან“ საშინაო შეხვედრის მიმდინარეობაში გარდატეხა შეიტანა და საბოლოოდ მისმა „ბიარიცმა“ 28:26 იმარჯვა, რამაც ბასკურ კლუბს პლეი-ოფის პირველ წრეში მასპინძლის სტატუსი გაუნაღდა.
მატჩში ერთბაშად შვიდმა (!) ქართველმა მიიღო მონაწილეობა. მასპინძელთაგან ჯალაღონია და ლუკა აზარიაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ, ხოლო უშანგი ჭეიშვილი თამაშში მეორე ტაიმში ჩაერთო. ორიაკელთა სასტარტოშიც ორი ჩვენებური იყო – გიორგი ქართველიშვილი და გიორგი ცუცქირიძე, მესამე გიორგი – ჯავახია და მასთან ერთად ლუკა ნიორაძე მარქაფაში იყვნენ და ასევე მეორე ტაიმში გამოჩდნენ სათამაშო მოედანზე.
რაც შეეხება ჯალაღონიას, მან ლელო ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში გაიტანა – 51-ე წუთზე, როცა მისი გუნდი 12:23 ჩამორჩებოდა მეტოქეს. თორნიკე მარჯვენა ფრთაზე ბურთს მიჰყვა, ფეხით შეაცურა „ორიაკის“ ლელოსკენ და ხაზს იქით დაამიწა კიდეც.
ამ მომენტიდან მომდევნო 14 წუთში ბიარიცელებმა 17 ქულა დააგროვეს, რასაც „ორიაკმა“ კინკილა ჯარიმით უპასუხა და საბოლოოდ მხოლოდ ბონუს-ქულას დასჯერდა, რომელიც ასევე ფრიად სასარგებლოა ლიგაში დარჩენისთვის ბრძოლაში.
22 წლის ჯალაღონიასთვის კი ეს იყო მე-3 ლელო მიმდინარე ფრანგულ სეზოინში და თუ ამას ნაკრებში მითვლილ 2 ლელოსაც დავუმატებთ, გამოდის, რომ ბორჯღალოსანი მესამეხაზელისთვის ეს სეზონი საკმაოდ შედეგიანია.
სხვათა შორის, საქართველოს ნაკრებში ჯალაღონიამ 8 ნომრის საკვანძო პოზიციაზე საკმაოდ წარმატებულად ჩაანაცვლა მძიმედ დაშავებული ბექა გორგაძე, ხოლო „ბიარიცში“ მას მხოლოდ 6- ან 7-ნომრიანი კვართით უწევს თამაში.
ასეა თუ ისე, „ბიარიცში“ ჩატარებულ 9 მატჩში 3 ლელო ძალიან მაგარი შედეგია!
ავტორის პროფილი
- სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.
უახლესი პოსტები
სიახლეები21/06/2026 | 22:19ვიცე-ჩემპიონი ბაჩუკი
აქეთურ-იქითური19/06/2026 | 20:20სეზონი 37 ქართველით
სიახლეები15/06/2026 | 19:05უნაყოფო ლელოები
სიახლეები14/06/2026 | 18:05ჭუმბაძე ჩემპიონობას უმიზნებს!
