
დღეს, საქართველოს დროით ცხრის ნახევარზე, პრემიერლიგაში, „ჩელსი” „მანჩესტერ იუნაიტედს” მასპინძლობს. „იუნაიტედი” მეორეზეა, „ჩელსი” — მეხუთეზე. მათ შორის 6 ქულაა. დასავლეთლონდონელთა გერმანელი მწვრთნელისთვის, თომას ტუხელისთვის კი ეს აგრეთვე იმ გუნდთან შეხვედრაა, რომელმაც კარიერაში ყველაზე მწარე მარცხი აწვნევინა.
ლაპარაკია 2019 წლის ამბავზე. მაშინ ტუხელი ჯერ კიდევ „პარი სენ ჟერმენის” თავკაცი იყო და ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში განგებამ „მანჩესტერ იუნაიტედს” შეახვედრა. 13 თებერვალს გუნდები მანჩესტერში, „ოლდ ტრეფორდზე” შეხვდნენ ერთმანეთს. ტუხელის გასახარად, მისმა გუნდმა 2:0 მოიგო. ეს ცალი ფეხით მეოთხედფინალში გასვლას ნიშნავდა, მაგრამ მოხდა სენსაცია: 7 მარტს, პარიზში, საპასუხო მატჩში, „იუნაიტედმა” 3:1 გაიმარჯვა და პარიზელები შეჯიბრებას გამოთიშა.
ტუხელი: „გულწრფელად გეტყვით, მთელი ორი დღის განმავლობაში სიბნელეში ვიჯექი და ვერავის ველაპარაკებოდი. მხოლოდ იმ საშინელ წაგებაზე ვფიქრებდი. ალბათ, ეს იყო ჩემს კარიერაში ყველაზე მწარე მარცხი, რადგან ის არსაიდან მოვიდა. ასეთი უმიზეზო წაგება არც მანამდე მინახავს და არც მერე”.
– გამოდის, ლუზერი იყავით? – ჰკითხეს ტუხელს ინგლისელმა ჟურნალისტებმა.
„არა მგონია, რადგან იმ დონეზე თამაშს ბარეორი ოცნებობს”.
თომას ტუხელი „ჩელსის” იანვარში ჩაუდგა სათავეში და ახალ ამპლუაში „მანჩესტერ იუნაიტედს” პირველად ხვდება.
„კარგად ვიცით რასაც უნდა ველოდოთ მანჩესტერელთაგან. ეს არის გუნდი, რომელსაც ნებისმიერ წამს შეუძლია ცუდ დღეში ჩაგაგდოს. მათ ფრთიდან ფრთაზე შესანიშნავად გადააქვთ ბურთი. როდესაც „იუნაიტედი” კონტრშეტევაზე წამოვა, თავის დაცვა ძალიან ძნელი იქნება”, — თქვა ტუხელმა მატჩისწინა პრეს-კონფერენციაზე.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი05/08/2026 | 09:45ბარსელონა ატლეტიკოს უტევს
აქეთურ-იქითური05/08/2026 | 08:48სობოსლაი: ლივერპულში კონფლიქტი არ ყოფილა
აქეთურ-იქითური05/08/2026 | 07:23ინფანტინოს პრინცმა ალიმაც შეუტია
მთავარი ამბავი04/08/2026 | 17:28ოფიციალურად: საზონოვი ხეტაფეს ფეხბურთელია!
