„მანჩესტერ იუნაიტედი” ცხრილის სათავეში დაბრუნდა, „ფულემს” მოუგო 2:1. თავიდან აგებდა, მაგრამ ჯერ გაქვითა, 65-ე წუთზე კი ფრანგმა პოლ პოგბამ ისეთი გოლი გაიტანა, თქვენი მოწონებული.
გოლს თავად 27 წლის ნახევარმცველმაც კი მშვენიერი უწოდა. „კრეივენ კოტეჯზე” გამარჯვების შემდეგ, „იუნაიტედი” თანაქალაქელ „სიტის” 2 ქულით უსწრებს, თუმცა, ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.
„ფულემის” კარში შეგდებული გოლი პოგბასთვის ბოლო სამ მნიშვნელოვან შეხვედრაში მეორე გახლდათ, რომლითაც მან თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა. ერთი კვირის წინ მსოფლიოს ჩემპიონმა „ბარნლისაც” გაუტანა.
მატჩის შემდეგ, BT Sport-თან ლაპარაკში, პოგბამ თქვა, რომ „ბარნლის” კარში გატანილ გოლს „ფულემის” კარში გატანილი გოლი ურჩევნია, რადგან მარცხენა ფეხით დაარტყა.
„კარგად დავარტყი, — თქვა პოგბამ, — არც კი მეგონა მარცხენა ფეხით ასე თუ შევძლებდი, მაგრამ თუ არ სცადე, არაფერი გამოგივა”.
სილამაზის გარდა, პოგბას გოლს იმიტომაც მიაქციეს ამდენი ყურადღება, რომ წინა შეხვედრაში, „ლივერპულთან”, ფრანგმა ხელსაყრელი შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან. თამაში 0:0 დამთავრდა. ეს იყო ჩემპიონისა და ლიდერის შეხვედრა, რომელშიც მას გოლის გატანის საუკეთესო შესაძლებლობა მიეცა, მაგრამ ვერ გამოიყენა — პირდაპირ მეკარეს დაუმიზნა. პოგბა ამბობს, რომ იმ უხეირო დარტყმის გამო საკუთარ თავზე გაცოფდა:
„ბოდიშის მოხდა არ მიყვარს, მაგრამ იმ ეპიზოდის გამო გავგიჟდი, ისე გავბრაზდი საკუთარ თავზე. უკეთ უნდა დამერტყა. არა უშავს, სამაგიეროდ, დღეს გავიდა. მე გამარჯვება მიყვარს. საბოლოოდ ყველაფერი ხომ მოგებისთვის კეთდება. ხოლო, როდესაც ვაგებ, ვბრაზდები”.
„ფულემისა” და „მანჩესტერ იუნაიტედის შეხვედრაში პირველი გოლი ლონდონელმა ადემოლა ლუქმენმა გაიტანა, მეორე კი „იუნაიტედის” ვეტერანმა ედინსონ კავანიმ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური01/11/2026 | 09:07ლივერპულში მედია მაინც ფრთხილად არის
აქეთურ-იქითური01/11/2026 | 08:14რას ელოდება საქართველის ნაკრების მეტოქის, უნგრეთის გულშემატკივარი?
აქეთურ-იქითური01/11/2026 | 07:00ლუის ენრიკე პსჟ-ს ისტორიაში
სიახლეები31/10/2026 | 09:14დიდებული ჰაკიმი
