როგორც გაირკვა, „რეალის” უელსელ თავდამსხმელ გარეთ ბეილს თავად უთქვამს უარი დღეს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, „მანჩესტერ სიტისთან” თამაშზე. გუნდების პირველი შეხვედრა 27 თებერვალს, მადრიდში, „სიტიმ” მოიგო 2:1.
ბეილის უარი შესაძლოა პროტესტია იმის გამო, რომ ის, ლა ლიგის ბოლო შვიდ შეხვედრაში, ზინედინ ზიდანმა არ ათამაშა. შეგახსენებთ, რომ „რეალი” ესპანეთის ჩემპიონი გახდა.
ესპანური მას-მედია წერს, ზიდანსა და ბეილს შორის ურთიერთობა იმდენად მოიშალა, რომ მწვრთნელი და ფეხბურთელი ერთმანეთისკენ აღარც გაიხედავენო.
მაშ ასე, ბეილი „რელთან” ერთად მანჩესტერს არ გაემგზავრა და როგორც მადრიდელთა ფრანგი მწვრთნელი ამბობს, ეს თავად 31 წლის ფორვარდის გადაწყვეტილება იყო.
ზიდანი: „ჩვენ კერძო საუბარი გვქონდა. მან მითხრა, რომ თამაში არ უნდოდა. დანარჩენი, რაც ითქვა, ჩემსა და მას შორის დარჩება, მაგრამ, ვიმეორებ, ბეილმა თავად არ ისურვა თამაში”.
ჟურნალისტები ამ პასუხით არ დაკმაყოფილდნენ და პრეს-კონფერენციის ბოლოს ერთხელაც მოუბრუნდნენ ბეილის თემას, მაგრამ ზიდანმა ფარდის მეტად ახდა აღარ ისურვა.
„ამაზე უკვე ვილაპარაკე. განვმარტე რაც მოხდა, რაიმეს დამატება კი აღარ მინდა. დანარჩენი მწვრთნელისა და ფეხბურთელის კერძო საუბრის დეტალებია. მეტს ვეღარაფერს ვიტყვი”, — თქვა მან.
კითხვაზე, აქვს თუ არა ბეილს „რეალში” მომავალი, ლეგენდარულმა ფრანგმა მიუგო: „არ ვიცი. ამჟამად ის ჩვენი ფეხბურთელია. ამ მხრივ არაფერი შეცვლილა. მე მას პატივს ვცემდი და როგორც ჩვენი გუნდის ნებისმიერ სხვა ფეხბურთელს, ახლაც პატივს ვცემ. ვიმეორებ, ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია ის არის, რომ თავად ბეილმა არ ისურვა თამაში. დანარჩენები ყველანი აქ ვართ და მატჩისთვის ვემზადებით. ახლა ჩვენთვის მთავარი „სიტისთან” შეხვედრის წინ ყურადღების სრული კონცენტრირებაა”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური26/06/2026 | 08:29ნიუ იორკის მერი: სპორტი ფუფუნების საგნად არ უნდა იქცეს!
აქეთურ-იქითური25/06/2026 | 09:59ტუხელი ხალხს დაასვენებს
აქეთურ-იქითური25/06/2026 | 08:50რა უნდა პსჟ-ს სანამ ხალხი მუნდიალს უყურებს?
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 11:17ინგლისმა ბექემს და ფანებს იმედი გაუცრუა
