2019-2020 წლების დიდი 10 აღარ გაგრძელდება და გასული სეზონი გაუქმებულად გამოცხადდება.
პრინციპში, ამის გამოცნობას დიდი ფიქრი არც სჭირდებოდა. მიუხედავად საქართველოს რაგბის კავშირის მცდელობებისა, რომ ჩემპიონატი რაიმე ფორმით განახლებულიყო, გუნდების ერთ ნაწილს ჯერ ვარჯიშიც არ დაუწყია, ასეთ პირობებში კი, შეზღუდულ ვადებში, სხვა გამოსავალი არც რჩება.
რატომ არ განაახლეს გუნდებმა ვარჯიში? ოფიციალურად, ამის მიზეზი უფულობაა, თუმცა არის მეორე მომენტიც. ჩემპიონატის და ვარჯიშების განახლებას ის გუნდები ეწინააღმდეგებოდნენ, რომლებიც გასავარდნი ზონის სიახლოვეს არიან და მათ პანდემიით გამოწვეული რთული ფინანსური კრიზისი, მდგომარეობის უფრო დამძიმებისგან თავის დასაღწევად გამოიყენეს.
გასაგებია, რომ გუნდებს დიდი 10-დან გავარდნა არ სურდათ, მაგრამ პირველ ლიგაში სამი გუნდია, რომელიც 10-ში აღზევებისთვის იბრძოდა. ფინანსური კრიზისი მათაც შეეხოთ და ვარჯიშენს ვერც ისინი ახერხებენ, მაგრამ რა გამოსავალი რჩება ამ სიტუაციაში?
ჩვენი ინფორმაციით, მიღწეულია შეთანხმება და ამის შესახებ უახლოეს პერიოდში ოფიციალურად გაცხადდება: დიდი 10-დან არავინ გავარდება; მათ პირველი ლიგიდან ორი მოწინავე – ქუთაისის „არესი“ და პატარძეულის „ვეფხვები“ დაემატება და გაისად, მხოლოდ ერთი წლით, დიდი 10 დიდი 12-ად გადაკეთდება. შესაბამისად, 2020-2021 წლის სეზონის ბოლოს, ლიგას სამი გუნდი პირდაპირ დატოვებს, ერთს კი პირველი ლიგის მესამეადგილოსანთან გადათამაშება მოუწევს.
