
„შეფილდ იუნაიტედთან” გამარჯვების შემდეგ „ლივერპული” შინ, პრემიერლიგაში, უკვე 51 თამაშია არ დამარცხებულა. ამ შთამბეჭდავ შედეგს 2017 წლის აპრილში, „კრისტალ პალასთან” წაგების შემდეგ დაედო საფუძველი.
რასაკვირველია, „ენფილდი” მერსისაიდელებისთვის ისტორიულად ციხე-სიმაგრე იყო, მაგრამ რაც პრემიერლიგა დაფუძნდა (1992), მისმა ყოვლისშემძლეობამ წინა ათწლეულებთან შედარებით იკლო. და აი, გამოჩნდა გერმანელი კაცი, იურგენ კლოპი, რომელმაც ყველაფერთან ერთად რამდენიმე გამჭრიახი ტრანსფერი განახორციელა და… „ლივერპულმა” ისევ მოიგო როგორც ჩემპიონთა ლიგა ასევე კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული.
ერთადერთი, რაც „ლივერპულს” პრემიერლიგის ეპოქაში არ დაუგემოვნებია, ინგლისის ჩემპიონობაა, რომლისკენაც ახლა მიიწევს გამგელებული — უახლოვეს მდევარ „ლესტერს” 13 ქულით უსწრებს და ისეთი დაქოქილია, მისი გამჩერებელი არავინ ჩანს.
მიმდინარე სეზონში „წითლებმა” მხოლოდ ორი ქულა დაკარგეს, „ენფილდზე” ინგლისის პირველობის თერთმეტივე თამაში მოიგეს, ხოლო 2017 წლის აპრილის შემდეგ, ჯამში 41 შეხვედრაში გაიმარჯვეს.
იმის ხაზგასასმელად, თუ რამდენი ხანია „ლივერპულს” შინ პრემიერლიგური თამაში არ წაუგია, „ექსპრეს სპორტმა” გადაწყვიტა ჩამოეწერა, ის მნიშვნელოვანი ამბები რომლებიც ბრიტანეთსა თუ მსოფლიოში ამ ხნის განმავლობაში მოხდა, რაც ფრიად სახალისო წასაკითხია.
ენტონი ჯოშუამ ვიტალი კლიჩკო დაამარცხა
2017 წლის აპრილში ბრიტანელ მოკრივეს ენტონი ჯოშუას თავისი კარიერის ყველაზე დიდი წარმატებისთვისაც კი არ ჰქონდა მიღწეული — ეს წარმატება რინგზე ვიტალი კლიჩკოს დამარცხება გახლავთ.
„ტოტენჰემმა” 18 თვის განმავლობაში „უემბლიზე” ითამაშა, ახალი სტადიონის აშენება მოასწრო და იქ გადაბარგდა.
2017 წლის აპრილში „ტოტენჰემ ჰოთსპური” ჯერ კიდევ „უაით ჰართ ლეინზე” თამაშობდა. შემდეგ, „დეზები” „უემბლიზე” გადაბარგდნენ, სადაც დაგეგმილზე მეტი დრო დაჰყვეს და ბოლოს, როგორც იქნა, ახალ ბინაში ჩასახლდნენ.
ბრიტანეთის ორი უდიდესი ავიაკომპანია გაკოტრდა.
სანამ „ლივერპული” „ენფილდზე” სტუმარს სტუმარზე ამარცხებდა, გაერთიანებული სამეფოს აეროდრომებზე მთელი ეპოქა შეიცვალა — გაკოტრდა ქვეყნის ორი უმსხვილესი ავიაკომპანია, „მონარქი” (2017 წლის ოქტომბერში) და „თომას კუკი” (2019 წლის სექტემბერში).
ჯერ კიდევ ბრუნვაში იყო 5 და 10 გირვანქიანი ქაღალდის ფული.
დიახ, დღეს ბრიტანელთათვის ასე ჩვეულებრივი პლასტიკური 5 გირვანქიანი ბრუნვაში 2017 წლის მაისში შემოვიდა, ხოლო 10 გირვანქიანი 2018 წლის მარტში.
ჟოზე მოურინიუმ „მანჩესტერ იუნაიტედშიც” მოსწრო მუშაობა და „ტოტენჰემშიც”.
დავუბრუნდეთ ფეხბურთს. მას მერე, რაც „ლივერპულმა” „ენფილდზე” ბოლო პრემიერლიგური თამაში წააგო, ინგლისში ბევრი მწვრთნელი მოხსნეს და დანიშნეს. თუნდაც, ის რად ღირს, რომ ამ ხნის განმავლობაში „ჩელსის” სამი თავკაცი გამოეცვალა, მაგრამ ჟოზე მოურინიუს ბრიტანელთა ქვეყანაში ორჯერ მისვლა „ექსპრესის” აზრით უფრო ჭრის ყურს.
თავად განსაჯეთ, სანამ „ლივერპული” იგებდა, მოურინიუმ „მანჩესტერ იუნაიტედს” ლიგის თასი და ევროპლიგა მოაგებინა, შემდეგ მთელი წელიწადი დაისვენა და ისევ ინგლისში მიბრუნდა, „ტოტენჰემ ჰოთსპურს” ჩაუდგა სათავეში. აქ მან მაურისიო პოჩეტინო შეცვალა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური18/06/2026 | 10:34დაბერდა!
მთავარი ამბავი18/06/2026 | 09:41ტუხელმა ფეხბურთელებს დაუღრინა, ინგლისმა მოიგო!
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 14:14დიომანდეს ბავშვობის საყვარელი გუნდი არის ლივერპული… არა პსჟ!
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 10:57დაგვიანება ამერიკული მოვლენაა?
