14 ოქტომბერს, ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო მატჩში, ბულგარეთის ნაკრები სოფიაში ინგლისთან ხომ განადგურდა და მეტიც, – გაწბილებული ბულგარელ ქომაგებზე მეტად, მიუხედავად შთამბეჭდავი გამარჯვებისა (6:0), ეს მატჩი ინგლისელი ფეხბურთელების მეხსიერებაში უარყოფითი კუთხით, ალბათ, დიდხანს შემორჩება.
ტრიბუნაზე, ადგილობრივ ქომაგთა საშინელი ქცევის გამო, რაც სტუმარი ფეხბურთელების მისამართით რასისტულ გამოხდომებში გამოიხატებოდა, პირველ ტაიმში მატჩი ორჯერ შეწყდა. არბიტრს შეხვედრის საერთოდ შეწყვეტის გადაწყვეტილებაც ჰქონდა მიღებული ჰქონდა, მაგრამ ინგლისის ნაკრების ფეხბურთელებისა და სამწვრთნელო შტაბის დაჟინებული მოთხოვნით შეხვედრა მაინც გაგრძელდა.
სტადიონის გამომცხადებელმა გულშემატკივრებს წესრიგისკენ არაერთხელ მოუწოდა. შესვენებაზე იმ ხულიგნურ დაჯგუფებას ტრიბუნებიც კი დაატოვებინეს და მეორე ტაიმმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, მაგრამ ფაქტი ფაქტად დარჩა. ცხადი იყო, რომ ეუფა ამ ინციდენტს რეაგირების გარეშე არ დატოვებდა.
თვისტომების მხრიდან ამ უღირსმა საქციელმა აღაშფოთა ბულგარული ფეხბურთის ისტორიაში, ალბათ, ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი ხრისტო სტოიჩკოვიც. ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში, რომელიც ამ სამარცხვინო ამბის განხილვას ეძღვნებოდა სტოიჩკოვმა უეფას სულაც ბულგარული კლუბების სამაგალითოდ დასჯა და ევროტურნირებიდან რამდენიმეწლიანი მოკვეთისკენ მოუწოდა. იქნებ ასე მაინც ვისწავლოთ ჭკუაო.
რა თქმა უნდა თანამდებობიდან მალევე გადადგა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბორისლავ მიხაილოვი და რიგგარეშე არჩევნებამდე პოსტი დროებით მიხაილ კასაბოვმა ჩაიბარა. მოედანს მიღმა განვითარებული არასასიამოვნო და მდაბიო ქმედებების გამო არა, მაგრამ მიმდინარე შესარჩევ ციკლში ნაკრების კატასტროფული შედეგებზე სასაუბროდ სასწრაფოდ შეკრებილმა აღმასკომმა მთავარ მწვრთნელობას ჩამოაშორა კრასიმირ ბალაკოვიც და გუნდის გაწრთვნა იორდან ლეჩკოვს ანდო.
აგერ, უეფამ კი შეიძლება ითქვას, ბულგარელები დაინდო და შედარებით ლმობიერი სასჯელი აკმარა. ეროვნული ნაკრები უახლოეს ორ საშინაო მატჩს უგულშემატკივროდ ითამაშებს, ხოლო ფედერაცია 75 ათას ევროს გადაიხდის. ამას გარდა, ბულგარეთის ნაკრების მიერ, უეფას ეგიდით შინ გამართული ორი მატჩისას ტრიბუნებზე უნდა გამოიფინოს ბანერი წარწერით – არა რასიზმს!
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები16/06/2026 | 20:28ზირა, მონდორფი, ვირტუსი…
აქეთურ-იქითური07/06/2026 | 19:21ბეგის თასი მესამე პლატოს
მთავარი ამბავი06/06/2026 | 20:36როლან გაროსი ანდრეევამ მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 14:07ფავორიტები გავარდნენ
