„რეალმა” როგორც ჩანს გადაწყვიტა „ბარსელონას” არაფერში ჩამორჩეს და როდესაც მისი მთავარი კონკურენტი ქულებს კარგავს, მანაც დაკარგოს — „თეთრებმა” ვილიარეალში 2:2 ითამაშეს. შეგახსენებთ, რომ წინა დღეს, პამპლონაში, ზუსტად ასეთი ანგარიშით (2:2) დაასრულა თავისი შეხვედრა „ბარსამ” „ოსასუნასთან”.
„ვილიარეალთან” მადრიდელთა სათადარიგო მეკარე გახლდათ ცნობილი კეილორ ნავასი, რომელიც მატჩის შემდეგ „რეალთან” ერთად ესპანეთის დედაქალაქში არ დაბრუნებულა. ის „ესტადიო დე ლა კერამიკას” გასახდელში თანაგუნდელებს დაემშვიდობა და პარიზს გაემგზავრა, რადგან… ამიერიდან „პარი სენ ჟერმენის” ფეხბურთელია. ამ ამბავს სულ მალე ოფიციალურად გამოაცხადებენ.
„მარკა“ წერს, რომ კლუბებმა 32 წლის კოსტა რიკელის ტრანსფერის შესახებ ხმამაღლა ჯერ იმიტომ არ თქვეს, რომ ესპანეთისა და საფრანგეთის ჩემპიონატებში მორიგი თამაშების მშვიდად ჩატარება უნდოდათ. არ სურდათ გულშემატკივართა გონება სხვა ცნობითაც დაეკავებინათ. „პარი სენ ჟერმენმა” პარასკევს მეცში მოიგო 2:0.
პსჟ-მ ნავასი 15 მილიონ ევროდ იყიდა.
ნავასის საპირისპირო მიმართულებით, პარიზიდან მადრიდისკენ, ერთი სეზონით, მოემგზავრება 26 წლის ალფონს არეოლა, რომელმაც საეჭვოა შემადგენლობიდან ტიბო კურტუა ამოაგდოს და სავარაუდოდ სეზონს სათადარიგოთა სკამზე გაატარებს. მისი წასვლის შემდეგ კი „რეალის” მეორე მეკარეობა 20 წლის უკრაინელ ანდრიი ლუნინს ჩაბარდება.
როდის წარუდგენენ არელოას მადრიდელ გულშემატკივარს უცნობია, რადგან ჯერჯერობით გოლკიპერი საფრანგეთის ნაკრებშია გამოძახებული.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები08/08/2026 | 08:55არსენალს ვინისიუსი ჩაუვარდა და ბარკოლაზე გადაერთო
აქეთურ-იქითური08/08/2026 | 07:42სპორტი: მადლობას შენ უნდა უხდიდე ბარსელონას
მთავარი ამბავი07/08/2026 | 15:14მექსიკა და არგენტინა ინფანტინოსკენ არიან
სიახლეები07/08/2026 | 08:46მაგნეს აკლიუში პსჟ-შია!
