ნიკოლოზ ბასილაშვილი ერთადერთი ქართველი ჩოგბურთელი არ იქნება, რომელიც მოახლოებულ ამერიკის ღია პირველობის ძირითად ბადეში ითამაშებს. უკვე საკმაო ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც მეიჯორებზე ჩვენს ქვეყანას ქალი წარმომადგენელი ჰყოლია. წლევანდელ US Open-ზე კი საქართველოდან სუსტი სქესის წარმომადგენელიც იქნება.
21 წლის მარიამ ბოლქვაძე ლეილა მესხის, ანა ტატიშვილის და სოფიო შაფათავას შემდეგ გახდა მეოთხე ქართველი ქალი ჩოგბურთელი, რომელიც დიდი სლემის ძირითად ბადეში ითამაშებს. რა თქმა უნდა, საუბარი ერთეულთა თანრიგზეა, თორემ წყვილებში ოქსანა კალაშნიკოვას და სხვებსაც უასპარეზიათ. ბარემ სიტყვამ მოიტანა და ვთქვათ, რომ კალაშნიკოვა ნიუ იორკში წლეულსაც ითამაშებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბილი ჯინ კინგის საჩოგბურთო კომპლექსში 3 წარმომადგენელი გვეყოლება.
მარიამ ბოლქვაძე, რომელიც რეიტინგის 202-ე ნომერია ნამდვილად ქებას იმსახურებს. მან საკვალიფიკაციო ეტაპზე 3 რთული მატჩი მოიგო და ძირითად ბადეში დამსახურებულად გააღწია. ბოლქვაძემ ჯერ ბრიტანელი უიტსონი, შემდეგ კორეელი ჰანი და ბოლოს ჩინელი შილინ ქსიუ დაამარცხა.
კვალიფიკაციის ფინალი ყველაზე დაძაბულ-დრამატული გამოდგა. ჩინელთან მატჩი 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა და საბოლოოდ ჩვენებური გამარჯვებით 6:4, 2:6, 6:4 დასრულდა. კვალიფიკაციის 3 ეტაპის გადალახვით ბოლქვაძემ უკვე 40 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და 58 ათასი დოლარიც ჩაიჯიბა.
ძირითად ბადეში მარიამ ბოლქვაძის პირველი მეტოქე ამერიკელი ბერნარდა პარა იქნება, რომელიც მსოფლიოს 69-ე ჩოგანია. მატჩი 26 აგვისტოს საღამოს გაიმართება.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები07/11/2026 | 22:27ჩემპიონობა ვიცეზე გაიცვალა
აქეთურ-იქითური06/11/2026 | 14:30მარცხი სკანდინავიელებთან
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:21ლიდერი და საჭირო სანდრო
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 15:27მამუ პორტლენდს არ ეყო
