5-11 აგვისტოს, საჩოგბურთო სამყარო მონრეალში გაერთიანდება, სადაც მასტერსის ტურნირი გაიმართება, რომლის საპრიზო ფონდიც 6 მილიონ დოლარზე მეტი იქნება. საინტერესოა, რომ კანადაში წლეულს კორტზე ვერ ვიხილავთ ნოვაკ ჯოკოვიჩსა და როჯერ ფედერერს. სერბმა და შვეიცარიელმა ჩოგბურთელებმა მონრეალში თამაშისგან ამჯერად თავი შეიკავეს.
სამაგიეროდ, კანადაში იქნება რაფაელ ნადალი. ესპანელი მეჩოგნე აღნიშნული მასტერსის მოქმედი ჩემპიონია და ტურნირზეც შესაბამისად პირველ ნომრად არის განთესილი. შარშან გრუნტის მეფემ ფინალში სტეფანოს ციციპასს აჯობა, რომელიც მონრეალში ასევე ითამაშებს. ბარემ ისიც ვთქვათ, რომ მეორე და მესამე ნომრად დომინიკ ტიმი და ალექსანდრე ზვერევი არიან განთესილნი.
რა თქმა უნდა, ჩვენი ყურადღება ნიკოლოზ ბასილაშვილისკენ იქნება მიმართული. ჰამბურგის ტურნირის ორგზის ტრიუმფატორს, შარშან მონრეალში არ უთამაშია და ამიტომაც მას ქულების დაცვა არ მოუწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეული ეტაპის გადალახვა პლუსში ჩაეწერება. ბასილაშვილის პირველი მეტოქე დუშან ლაიოვიჩია. სერბი რეიტინგის 26-ე ნომერია. ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა ქართველისაა – 3:1. ლაიოვიჩის დამარცხების შემთხვევაში ბასილაშვილი ჟო-ვილფრიდ ცონგასა და ლენარდ შტრუფს შორის უკეთესს დაუპირისპირდება.
ქართველმა ჩოგბურთელმა ჰამბურგში არაჩვეულებრივი თამაშის შემდეგ ერთი კვირა დაისვენა და წესით მონრეალის მასტერსს კარგ ფიზიკურ მზადყოფნაში უნდა შეხვდეს.
ბასილაშვილის და ლაიოვიჩის მატჩი 5 აგვისტოს 20:00 საათისთვისაა ჩანიშნული.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები25/07/2026 | 22:20მსოფლიო ბოლოზე
სიახლეები24/07/2026 | 15:45საქართველო მეშვიდესთვის
აქეთურ-იქითური22/07/2026 | 19:34პომიდორი წონის შესაბამისად
აქეთურ-იქითური18/07/2026 | 18:58ფეხბურთი ვიცი, ცხოვრებას ვსწავლობ
