სიზარმაცის სასჯელი – 45 ათასი

Home დავთარი სიზარმაცის სასჯელი – 45 ათასი
სიზარმაცის სასჯელი – 45 ათასი

ბერნარდ ტომიჩი უიმბლდონს სტარტზევე გამოეთიშა. მოულოდნელი ამბავი მოხდაო, ნამდვილად ვერ ვიტყვით. აშკარაა, რომ ავსტრალიელი ჩოგბურთელი ბოლო პერიოდში საქმეს ზერელედ უდგება, კორტზე თითქოს ნაძალადევად დგას. ტომიჩმა ჟო ვილფრიდ ცონგასთან 58 წუთში წააგო და ამის გამო ორგანიზატორთა გულისწყრომაც გამოიწვია.

როგორც ვთქვით, ბერნარდ ტომიჩის მარცხს სენსაციად ვერ მოვნათლავთ, რასაც ვერ ვიტყვით სტეფანოს ციციპასის და ალექსანდრე ზვერევის პირველივე წრიდან გავრდნაზე. თუმცა, ბერძენი და გერმანელი მეჩოგნეები, ცხადია, ამის გამო არ დასჯილან, აი ტომიჩს კი უპატივცემულობაში დასდეს ბრალი და უიმბლდონზე მონაწილეობისთვის განკუთვნილი 45 ათასი გირვანქა დაუქვითეს.

„დიდი სლემის ტურნირებზე, ნებისმიერ მონაწილეს ევალება პროფესიონალური სტანდარტი დააკმაყოფილოს. თუ მატჩის მთავარი მსაჯის აზრით, ჩოგბურთელი ამ ჩარჩოში ვერ ჯდება, მისი კორტზე ქცევა და დამოკიდებულება არასათანადოა, მაშინ ის დამრღვევად მიიჩნევა და ისჯება. ბერნარდ ტომიჩი დაჯარიმდება და საპრიზო ფონდიდან მისთვის განკუთვნის თანხას ვერ მიიღებს,“ – ნათქვამია უიმბლდონის ორგანიზატორთა ოფიციალურ განცხადებაში.

ავსტრალიელი ჩოგბურთელი, რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დარჩა. „ცუდად ვითამაშე, კორტზე არაფერი გამომდიოდა, მაგრამ რისთვის დამაჯარიმეს? ვერავინ დამაბრალებს, რომ არ ვინდომებდი,“ – ამბობს ტომიჩი, თუმცა ვეჭვობთ, ორგანიზატორებმა გადაწყვეტილება შეცვალონ და მის საბანკო ანგარიშზე 45 ათასი გირვანქით მაინც ჩარიცხონ.

ავტორის პროფილი

გიორგი ვაშაკიძე
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.