ჩელსიმ სარის კარი გაუღო

Home კატეგორიის გარეშე ჩელსიმ სარის კარი გაუღო
ჩელსიმ სარის კარი გაუღო

როგორც იქნა, დამთავრდა მაურიციო სარის ლონდონ-ტურინული საგა. თითქმის ყოველდღე ვრცელდებოდა ამბები იტალიელის სამშობლოში დაბრუნების თაობაზე. ახლა კი გაცხადდა, რომ „იუვენტუსი“ „ჩელსის“ საკომპენსაციო 7 მილიონ გირვანქას გადაუხდის და საქმეც ამით დამთავრდება.

ტურინულ კლუბს ამგვარები არ სჩვევია, თუმცა Daily Mail-ის ცნობით, ხუთშაბათ საღამოს, „ჩელსის“ დირექტორი მარინა გრანოვსკაია, იუვენტუსელ კოლეგა ფაბიოი პარატიჩის შეხვედრია და გაჯანჯლებული მოლაპარაკებებისთვისაც წერტილი დაუსვიათ.

ახლა, 60 წლის სარი „იუვენტუსთან“ სამწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. მისი წლიური ანაზღაურება კი 6,2 მილიონი გირვანქა იქნება.

საინტერესოა, რომ „ჩელსის“ ხელმძღვანელობას სარის დათხოვნა არც უფიქრია. ევროპა ლიგის ტრიუმფის კვალად, 48 საათის შემდეგ, სარი გრანოვსკაიას პირისპირ იჯდა და საკუთარ მომავალზე ესაუბრებოდა.

მერე სპეციალისტმა ინტერვიუებშიც თქვა, რომ ლონდონური კლუბის დატოვების მთავარი მიზეზი ეს არის:„ სახლი მომენატრა და იტალიაში დაბრუნება ამად მსურს“. ახლა უკვე იმაზეც ღიად ალაპარაკდნენ, რომ „არისტოკრატებში“ სარის „დერბი ქაუნთის“ ამჟამინდელი დამრიგებელი, ოდინდელი ჩელსელი ფრენკ ლამპარდი ჩაანაცვლებს.

ლამპარდი „ჩელსიში“ 2001-14 წლებში თამაშობდა. ლონდონურ კლუბთან ერთად ის სამჯერ გახდა პრემიერლიგის გამარჯვებული, ოთხჯერ დაეუფლა ინგლისის თასს, ორჯერ ლიგის და ერთხელაც სუპერთასს. თითოჯერაც ჩემპიონთა და ევროპის ლიგები მოიგო.

ლამპარდმა სამწვრთნელო კარიერა 2018 წელს დაიწყო. სადებიუტო სეზონში 40 წლის სპეციალისტმა, „დერბი“ ჩემპიონშიფის პლეი-ოფში გაიყვანა, თუმცა ფინალში „ასტონ ვილასთან“ დამარცხდა (1:2) და ელიტაში ვერ დაწინაურდა.

ავტორის პროფილი

სოლომონ გულისაშვილი
სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.