„ალიანს არენაზე” „ბაიერნმა” „დორტმუნდს” 5:0 მოუგო და ცხრილის სათავეში დაბრუნდა. შეხვედრის პირველ 17 წუთში დორტმუნდელთა კარში გოლები გაიტანეს მათმა ყოფილმა თანაგუნდელებმა მატს ჰუმელსმა და რობერტ ლევანდოვსკიმ.
ჰუმელსმა განსაკუთრებით გამოიჩინა თავი. გარდა იმისა, რომ მან სეზონში თავისი პირველი გოლი გაიტანა, ზოგადადაც ჩინებულად ითამაშა, რასაც ტრიბუნიდან გერმანიის ნაკრების თავკაცი იოაჰიმ ლიოვი ადევნებდა თვალყურს.
გერმანული პრესა აღნიშნავს თომას მიულერის გამორჩეულ თამაშსაც.
მატჩის შემდეგ ჰუმელსმა თქვა: „მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ყველაფერი სხვანაირი, მე ვიტყოდი ცოტა უცნაური გახდა. თითქოს ყველა ნეგატივს ეძებს. ჩვენ, ყველანი 30 წლისანი ვართ და გაცილებით უკეთ ვთამაშობთ, ვიდრე გვაფასებენ. განსაკუთრებით მედია არ გვინდობს”.
„არც ნაკრების მწვრთნელი გაფასებთ”? — ჰკითხეს ჰუმელსს.
„ნაკრების მწვრთნელი? ეს სხვა თემაა…” — უპასუხა მან.
პრეტენზიების გამოთქმისთვის მოიცალა გამარჯვებით გახარებულმა „ბაიერნის” თავკაცმა ნიკო კოვაჩმაც.
„ამ ბოლო დროს ყველაფერი ტრივიალური გახდა. ტაქტიკურ ასპექტებსა და თამაშის დეტალებზე აღარავინ გვეკითხება, მხოლოდ ის აინტერესებთ, მოიგე თუ წააგე. მე ასეთი ფერისცვალება მაღიზიანებს. ვიცი, რომ ჩემი ბევრი კოლეგაც გაღიზიანებულია. ეს რომ არ მეთქვა არ შემეძლო ოღონდ, მორალისტი არ გეგონოთ. ჩვენ ყველამ უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება, უბრალოდ რაც ჩვენს თავს ხდება სწორი არ მგონია.
დღეს გამეფებულია შეხედულება, რომ თუ იგებ, ესე იგი ყველაფერი სწორად გააკეთე და თუ აგებ, ესე იგი ყველაფერში შეცდი. ვფიქრობ, ადამიანები ვართ და ყველას გვაქვს შეცდომის უფლება”.

ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი07/06/2026 | 23:05ზვერევის პირველი სლემი
მთავარი ამბავი05/06/2026 | 22:20საქართველომ ვარჯიში მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 16:09ფსიქიატრი გვარდიოლაზე…
მთავარი ამბავი28/05/2026 | 22:04დიდი სენსაცია პარიზში
