კვირას, „ლა როსალედაზე” ზინედინ ზიდანმა „რეალის” თავკაცის რანგში მეასე გამარჯვება იზეიმა. ამ შედეგით ფრანგმა მადრიდელთა ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელების გვერდით დაიმკვიდრა ადგილი, ხოლო თუ ყველა შეჯიბრებაში ჩატარებული თამაშებიდან პროცენტს ვიანგარიშებთ, სულაც საუკეთესო შედეგი გამოვა: 72% მოგებულია!
რაოდენობრივად, ყველაზე მეტი შეხვედრა ზიდანმა ლა ლიგაში მოიგო: 90-დან 66. 15 თამაში ფრედ დასრულდა, ხოლო 9-ში მეტოქემ იყოჩაღა.
ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებული 30 მატჩიდან ზიდანის „რეალმა” 20 მოიგო, 6 ფრედ დაასრულა და 4 წააგო. ესპანეთის სამეფო თასზე შეხვედრათა 50%-ში გაიმარჯვა. ასპროცენტიანი შედეგია კლუბთა მსოფლიო თასზე, ევროპისა და ესპანეთის სუპერთასებზე.
მადრიდელთა ყოფილი მწვრთნელებიდან ზიდანის შედეგთან ყველაზე ახლოს ჟოზე მოურინიუა — პორტუგალიელმა თამაშების 71,9% მოიგო. მესამეზეა მიგელ მუნიოსი, მწვრთნელი, რომელიც „თეთრების” ისტორიაში ყველაზე დიდხანს ემსახურა კლუბს: 602 შეხვედრიდან 356-ში გაიმარჯვა. ეს პროცენტულად 59,1-ის ტოლია.
ლეგენდარული ვისენტე დელ ბოსკეს შედეგია 54,5%.
„რეალის” ისტორიაში იყო პერიოდი, რომელსაც „ბუტრეს ხუთეულის” ხანა შეარქვეს. ეს ემილიო ბუტრაგენიოს ბრწყინვალების დროა და მაშინდელი მწვრთნელის ლეო ბეენჰაკერის შედეგიც შესაბამისად მაღალია — 61,9%.
ზიდანის მეასე გამარჯვებამ „მალაგასთან” უწია 2:1. მადრიდელთაგან გოლები ისკომ და კაზემირომ გაიტანეს.
ავტორის პროფილი
- გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.
უახლესი პოსტები
სიახლეები28/10/2025 | 12:33თბილისის აკადემია ჩემპიონია
სიახლეები23/09/2025 | 00:56… ის არის დემბელე!
სიახლეები01/09/2025 | 22:46კიდევ ერთი ქართველი უოტფორდში
სიახლეები16/08/2025 | 22:05კიტეიშვილის დუბლი შესვენებამდე
