გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულიდან“ შესაძლო განათხოვრების შესახებ უკვე ინგლისურ მედიაშიც ითქვა, ასე რომ ცნობა ჰაერიდან მოტანილს აღარ ჰგავს. პორტალმა This is Anfield დაწერა, რომ ქართველი მეკარე პირველ სეზონში სათადარიგოთა სკამზე ჯდომას იმ იმედით დათანხმდა, რომ სექტემბრიდან მერსისაიდელთა მთავარი გოლკიპერი გახდებოდა. ამასობაში ალისონის შეძენას „იუვენტუსი“ ცდილობდა. სხვადასხვა წყაროები წერდნენ, რომ ტურინში გადაბარგება ბრაზილიელსაც სურდა, მაგრამ როგორც ჩანს ამ ტრანსფერს ხორცის შესხმა არ უწერია, რაც იმას ნიშნავს, რომ ალისონი მომდევნო სეზონშიც „წითლების“ მთავარი გოლკიპერი იქნება.
ეს მამარდაშვილის სამომავლო გეგმებს ცვლის. „გაძეტა დელო სპორტმა“ დაწერა, რომ ქართველი გოლკიპერი ახლა იჯარისთვის მზად არის. ამბობენ, რომ ის ლივერპულელებმა „იუვენტუსს“ ალისონის ნაცვლად შესთავაზეს – სხვა სიტყვებით ინგლისელების აზრით მამარდაშვილი ტურინელებისთვის დროებითი გამოსავლის როლს შეასრულებს, სანამ ისინი ერთი წლის მერე ალისონს თავისუფალი აგენტის სტატუსით წაიყვანენ.

ის, რომ „ბებერი ქალბატონი“ გიორგის უნარების შესწავლით მართლა დაინტერესდა „სპორტიტალიას“ ჟურნალისტმა ჯანლუიჯი ლონგარიმ X პლატფორმაზეც დაწერა, ტრანსფერების საკითხებში გარკვეულმა ნიკო შირამ კი „იუვეს“ გარდა „ფიორენტინა“ და „ინტერი“ ახსენა.
This is Anfield წერს, რომ თუ იტალიიდან გამოსული ეს ცნობები მართალი გამოდგება, ლივერპულელი გულშემატკივრები გაიხარებენ, რადგან ალისონი კიდევ ერთი სეზონის განმავლობაში დაიცავს მათი გუნდის კარს. ეს კარგი იქნება მამარდაშვილისთვისაც, რომელიც სკამზე აღარ იჯდება.
მეორე მხრივ საიტი ავითარებს ასეთ აზრს: „თუ გიორგი მამარდაშვილი იჯარით სხვაგან გადავა, გაჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ მისი მომავალი „ენფილდთან“ აღარ არის დამოკიდებული. „ლივერპულში“ ალბათ არ სჯერათ, რომ მამარდაშვილს შეუძლია გახდეს მისი პირველი მეკარე, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ამ ზაფხულსვე მოხდებოდა. მამარდაშვილმა „წითლების“ შემადგენლობაში პირველ სეზონში 20 შეხვედრა ჩაატარა და მხოლოდ ორჯერ შეინახა კარი მშრალად. თან ამ ორ შეხვედრას შორის მთელი ხუთი თვე იყო: ჯერ იყო ნოემბერში „რეალთან“ და მერე აპრილში „ფულემთან“. როგორც დარტყმების მომგერიებელი მეკარე ის ჩინებულია, მაგრამ არის ეჭვი, რომ საჯარიმო მოედანში ბურთის ფეხით გათამაშება უჭირს. უზუსტო აქვს გადაცემებიც“.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი29/05/2026 | 12:32მამარდას თემაზე ლივერპულშიც დაიწერა
სიახლეები29/05/2026 | 09:03არსენალი ბუდაპეშტშია
მთავარი ამბავი29/05/2026 | 07:41მესი და ოცდახუთი
აქეთურ-იქითური28/05/2026 | 09:24კვარა: ვფიქრობ, ხანდახან ზედმეტ ემოციას გამოვხატავ
