„რეალის’’ მწვრთნელი ჩაბი ალონსო ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში თავისი გუნდის თამაშით უკმაყოფილო დარჩა, არადა „ლოს ბლანკოსმა’’ თანაქალაქელ „ატლეტიკოს’’ 2:1 მოუგო. სხვა საქმეა, რომ ხალხის ყურადღება საკუთრივ შეხვედრის დეტალებზე მეტად ვინისიუსსა და დიეგო სიმეონეს შორის კონფლიქტმა მიიპყრო.

როგორც ესპანური პრესა წერს არგენტინელმა ძალიან მოინდომა ბრაზილიელი წყობიდან რომ გამოეყვანა. მან ფეხბურთელს დაუძახა, რომ „რეალის’’ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი მის გაყიდვას აპირებს და ანიშნა, უსმინე შენი საკუთარი გულშემატკივარი როგორ გისტვენსო.

კოლეგის ასეთმა საქციელმა ალონსოც გააბრაზა. ესპანელმა „ატლეტიკოს’’ თავკაცს გასძახა: „შენ შენებს მიხედე, შე…’’!

ვითარება დაიძაბა, მაგრამ ალონსომ სცადა თავისი მოთამაშეები გართულებისგან დაეხსნა. მსაჯი ვინისიუსის ყვითელი ბარათით შემოიფარგლა.

„რეალის’’ მწვრთნელის მატჩისშემდგომი პრეს-კონფერენციაც ძირითადად ამ თემას შეეხო: „არ მინდა კომენტირება. ჩოლომ ვინისიუსს რაღაც მიაძახა, ასეთი ქცევა კი პატივისცემის ელემენტარულ საზღვრებს მიღმაა. მე არ მიყვარს, როდესაც ერთმანეთს ასე ეპყრობიან. ფეხბურთში ყველაფერი დასაშვები კი არ არის. ამის შესახებ ვინისიუსს უკვე ველაპარაკე, ოღონდ ეს ჩვენს შორის დარჩება. მე ყოველთვის ვცდილობ მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელებს პატივისცემით მოვექცე. როგორც წესი მათ საერთოდ არ მივმართავ. ყველაფერს, რაც მოედანზე ხდება თავისი საზღვრები აქვს’’, ― თქვა ალონსომ.

„რეალი’’ და „ატლეტიკო’’ მარტში კიდევ შეხვდებიან ერთმანეთს. ეს მატჩი „სანტიაგო ბერნაბეუზე’’ გაიმართება. სუპერთასის ნახევარფინალურ შეხვედრაში კი საუდის არაბეთის ქალაქ ჯედაში ანგარიში მე-2 წუთზე ფედე ვალვერდემ გახსნა, 55-ე წუთზე მეორე გოლი როდრიგომ შეაგდო, 58-ეზე კი ალექსანდერ სორლოთმა სხვაობა შეამცირა.