ორივე მწვრთნელის აზრით გამარჯვებას ალბათ მარსელი იმსახურებდა

Home აქეთურ-იქითური ორივე მწვრთნელის აზრით გამარჯვებას ალბათ მარსელი იმსახურებდა
ორივე მწვრთნელის აზრით გამარჯვებას ალბათ მარსელი იმსახურებდა
Roberto DE ZERBI Head Coach of Olympique de Marseille during the Trophee des Champions 2026 match between Paris and Marseille on January 8, 2026 at...
რობერტო დე ძერბი

მიმდინარე სეზონში „პარი სენ ჟერმენმა’’ პენალტების სერიით ზედიზედ მესამე ტიტული მოიგო: ევროპის სუპერთასი, საკონტინენტთაშორისო თასი და საფრანგეთის სუპერთასი. პირველი მსხვერპლი გახლდათ „ტოტენჰემი’’, მეორე – „ფლამენგო’’, ხოლო მესამე – „მარსელი’’. 2024 წლის დეკემბრიდან მოყოლებული ეს ლუის ენრიკეს გუნდისთვის ზედიზედ მეხუთე მოგებული პენალტების სერია გახლდათ. თავიდან იყო გამარჯვება „ლანსთან’’, ხოლო 2025 წლის მარტში ჩემპიონთა ლიგაში „ლივერპულთან’’. ამ ხუთ შეხვედრას სამი გმირი მეკარე ჰყავდა: ჯანლუიჯი დონარუმა, მატვეი საფონოვი და ლუკა შევალიე.

ქუვეითში დრამატული 2:2-ისა და თერთმეტმეტრიანების სერიაში გამარჯვების შემდეგ პარიზელთა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა:

რატომ ხართ ასეთი ძლიერები პენალტებში?

ზოგი იტყვის, რომ ეს იღბალია და შეიძლება მართალიც იყოს. დღეს ნებისმიერი გუნდის ნებისმიერი მეკარე სრულ ინფორმაციას ფლობს. ჩვენ ძალიან კარგი თავდამსხმელები და ტოპ-დონის მეკარეები გვყავს. ეს ფანტასტიკური კომბინაციაა.

თამაშს როგორ შეაფასებდით?

კარგად დავიწყეთ, გოლიც გავიტანეთ, მაგრამ შემდეგ „მარსელი’’ ათამაშდა ჩინებულად, ჩვენზე უკეთ. როგორც ბურთით ასევე ბურთის გარეშე. ის ძალიან მაღალი დონის გუნდია, ჩინებული მწვრთნელით. შესაძლოა მოწინააღმდეგე დღეს მეტსაც იმსახურებდა, მაგრამ ჩვენ როგორც ყოველთვის ბოლომდე ვიბრძოლეთ.

გონსალო რამუში სანიმუშო შემცვლელია. მისი თამაშით კმაყოფილი ხართ?

სიამოვნებით ვისაუბრებ მის შესახებ. ის ნამდვილი ჯარისკაცია, რომელიც მზად არის თუნდაც ერთი წუთით ან სულაც არ შევიდეს მოედანზე. მას ძლიერი ხასიათი აქვს. ბედნიერი ვარ რომ ის ჩემს გუნდშია.

ლუკა შევალიემ თქვენი მოლოდინი გაამართლა?

მან საუცხოოდ ითამაშა. ოსტატობა პენალტების სერიაში გამოამჟღავნა და გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა.

მატჩის შემდეგ ჟურნალისტების წინაშე დამარცხებული „მარსელის’’ თავკაცი რობერტო დე ძერბიც წარსდგა. მას ჰკითხეს:

რა იყო თქვენი მთავარი დასკვნა დღევანდელი მატჩის შემდეგ?

 

მარცხი მტკივნეული იყო. ჩვენ ფანტასტიკურად ვითამაშეთ. გვინდოდა ტიტული მოგვეგო და „მარსელის’’ ისტორიაში ახალი თავი დაგვეწერა, მაგრამ ვერ შევძელით და ამის გამო გული მტკივა. აი, ასეთი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ მომავალშიც ― უნდა ვიყოთ სტაბილურები და თავდადებულები.

გასახდელში პირველი სიტყვები რა თქვით?

ბიჭებს ვუთხარი, რომ წაგების შემდეგ არასდროს მიტირია, მაგრამ ამჯერად თავი ვერ შევიკავე. პსჟ ევროპის საუკეთესო გუნდად რჩება, ოღონდ დღეს გამარჯვებას „მარსელი’’ იმსახურებდა. ამიერიდან საკუთარ თავს ასეთი ფეხბურთი უნდა მოვთხოვოთ. იმ გუნდის წინააღმდეგ, რომელმაც 2025 წელს ყველაფერი მოიგო ჩვენ ვაჩვენეთ ხასიათი, ტექნიკა და ყველა საუკეთესო თვისება, რომელიც გაგვაჩნია.

გავიხსენოთ გონსალო რამუშის გოლი. გული არ დაგწყდათ? იმ ეპიზოდში გულუბრყვილოდ ხომ არ ითამაშეთ?

არ ვიცი რა მოხდა. ასეთი რაღაცები ხდება.

ორივე პენალტი შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელმა გააფუჭა. ალბათ თქვენ დასვენებულ მოთამაშეებზე ჩახვედით ფსონს.

არ მყვარს ფეხბურთელებისთვის რაღაც დამატებითის დავალება. მაგალითად ობამეიანგი პირველი არასდროს არტყამს.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.