
არნე სლოტს რომ „ლივერპულის’’ მწვრთნელის თანამდებობაზე დარჩენა არ-დარჩენის საკითხი უდგას საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს. შაბათს „ნოტინგემ ფორესტთან’’ 0:3 წაგებამ მდგომარეობა გაართულა. „წითლებმა’’ პრემიერლიგის ბოლო 7 თამაშიდან 6 წააგეს; ახლა ყველა შეჯიბრებაში 11 მატჩიდან 8 აქვთ წაგებული. ინგლისის ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნებაზე სავარაუდოდ ლაპარაკიც აღარ არის.
და საქმე მარტო სტატისტიკა არ არის, „ლივერპულის’’ გულშემატკივარს ხარისხი ადარდებს. ზაფხულში დახარჯული გვარიანი თანხის მიუხედავად არნე სლოტი გუნდს ხეირიანად ვერ ათამაშებს. კლუბის თავმჯდომარემ ტომ ვერნერმა რამდენიმე დღის წინ სლოტს ნდობა გამოუცხადა, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს. ამერიკული საინვესტიციო ჰოლდინგი Fenway Sports Group, რომელიც ინგლისის ჩემპიონს 2010 წლიდან ფლობს, გადამწყვეტ მომენტებში საკმაოდ დაუნდობელია.
„ლივერპულის’’ მეპატრონეებს მწვრთნელის მოხსნა უკვე 10 წელიწადია არ დასჭირვებიათ. ბოლო, ვინც მათ თანამდებობიდან გაუშვეს 2015 წელს იყო ბრენდან როჯერსი. ისევე როგორც სლოტს მაშინ კლუბმა ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე მასაც დაუჭირა მხარი, 105 მილიონი დოლარი დაახარჯა, მაგრამ ორიოდ თვის მერე „ევერტონთან’’ 1:1-ის შემდეგ გუნდი მე-10 ადგილზე რომ დაინახა მოთმინების ფიალა აევსო.
„ლივერპულ ექო’’ წერს, რომ FSG-ს პრეზიდენტმა მაიკ გორდონმა როჯერსი ხსენებული თამაშის დამთავრებიდან ერთ საათში დაიბარა და პირადად უთხრა, რომ სამსახურიდან უშვებდა. მერე გაირკვა, რომ „ლივერპულის’’ პატრონები უკვე ორი კვირის განმავლობაში ეძებდნენ ახალ მწვრთნელს. როჯერსის მოხსნამდე რამდენიმე დღით ადრე ისინი თურმე იურგენ კლოპს შეხვდნენ.
„პირველად მე ისინი ნიუ იორკში ვნახე, ეს მართალია, ― გაიხსენა გერმანელმა ძველი ამბავი, ― მაგრამ პირველად მათ კიდევ უფრო ადრე დამირეკეს. შეიძლება სამი დღით ადრე, ზუსტად არ მახსოვს. ჯერ კიდევ საწოლში ვიყავი. საქმე არაფერი მქონდა. ვიცოდი, რომ მაიკი თუ FSG-ს ვიღაც სხვა წარმომადგენელი აპირებდა ჩემთან ლაპარაკს. მაიკს არ ვიცნობდი. ჩვენ ტელეფონით ერთი საათი ვილაპარაკეთ. როგორც ჩანს მე მასზე ისეთი გავლენა მოვახდინე, რომ ნიუ იორკში დამითქვა შეხვედრა და ყველაფერი ასე დაიწყო’’.
როგორც „ლივერპულმა’’ ასევე კლოპმა ეს შეხვედრა საიდუმლოდ შეინახა. მაშინ კლოპი ჟურნალისტებს არწმუნებდა, რომ ამერიკაში კალათბურთის სანახავად ჩავიდა. პირისპირ საუბარმა ექვს საათს გასტანა.
დღეს ინგლისური მედია წერს, რომ არ ფლობს ინფორმაციას მიმდინარეობს თუ არა სლოტის ზურგსუკან რაიმე მოლაპარაკებები, მაგრამ ყველამ იცის, რომ FSG-ს საიდუმლოს შენახვა ეხერხება.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები10/06/2026 | 15:02მოუ მენდეშთან შეკრულია?
აქეთურ-იქითური10/06/2026 | 11:13იამალმა, შარშან ბავშვი ვიყავიო
აქეთურ-იქითური10/06/2026 | 09:37აფრიკის საუკეთესო მსაჯი მაიამის აეროპორტიდან გამოაბრუნეს
აქეთურ-იქითური09/06/2026 | 09:12ალეგრი მილანში გაიჭედა
