ცუდი თამაში, განსაკუთრებით პირველ ტაიმში

Home კატეგორიის გარეშე ცუდი თამაში, განსაკუთრებით პირველ ტაიმში
ცუდი თამაში, განსაკუთრებით პირველ ტაიმში

„პარი სენ ჟერმენს’’ ცუდი საღამო ჰქონდა. „პარკ დე პრენსზე’’ ჩემპიონთა ლიგაში „ბაიერნთან’’ თამაშამდე ერთი კვირით ადრე საფრანგეთის ჩემპიონმა 1:1 ითამაშა მეთექვსმეტე ადგილზე მყოფ „ლორიანთან’’. ყველას ეგონა, რომ პარიზელები იოლად გაისეირნებდნენ, მაგრამ ლუის ენრიკეს მრისხანე გუნდმა ლიგა 1-ის ზედიზედ მეოთხე მატჩში მესამედ ითამაშა ფრედ. და კიდევ, პსჟ-მ დაკარგა დეზირე დუე, რომელიც დაშავდა და მოედნიდან თვალაცრემლებული გავიდა.

ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე 62-ე წუთზე შევიდა და flashscore-გან 6.8 ქულა დაიმსახურა. საიტმა მისებრ 6.8 ქულით შეაფასა მარკინიოსის, მაიულუს, ნჯანტუს და გონსალუ რამუშის თამაში. უფრო მაღალი შეფასება ოთხმა ფეხბურთელმა მიიღო.

Sofascore-ს აზრით კვარაცხელიამ ისევე როგორც იბრაჰიმ მბაიემ 6.2-ზე ითამაშა. უფრო მაღალი შეფასება ხვდა 12 ფეხბურთელს.

Whoscored-მა კი ქართველს და მარკინიოსს 6.5 დაუწერა. მეტი ერგო ხუთ პარიზელს.

შეხვედრის მიწურულს კვარაცხელიამ ერთხელ გაამწვავა თამაში, როდესაც დარტყმის მომენტი იხელთა, მაგრამ მასპინძლეთა შვეიცარიელმა მეკარემ ივონ მვოგომ ბურთი კუთხურზე მოიგერია.

მატჩის შემდეგ ლუის ენრიკემ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა:

…ცუდად ვითამაშეთ, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, სანამ მომენტებს შევქმნიდით. დაცვაში ჩამჯდარმა მეტოქემ პრობლემები შეგვიქმნა, არადა ძალიან კარგად ვიცით, როგორ უნდა გავუმკლავდეთ ასეთ ტაქტიკას. მეორე ტაიმში თამაში გამოვასწორეთ, თუმცა გამარჯვება ვერ შევძელით, არადა ქულები გვჭირდებოდა…

…დეზირე დუეს ტრავმა უცნაური იყო. ჯერჯერობით არ ვიცი რამდენი ხანი დასჭირდება მის მკურნალობას. იმედი ვიქონიოთ, რომ სერიოზულად არ დაშავებულა…

…იმის გამო, რომ ლიდერობა ვერ გასწიეს წამყვან ფეხბურთელებზე არ გავბრაზებულვარ. არც ახალგაზრდებს ვუსაყვედურებ ინიციატივის ნაკლებობას. მატჩი ყველასთვის რთული იყო. თუ განაწყენებაა, საკუთარ თავზე უნდა გავნაწყენდე, რადგან ფეხბურთელებს ისე ვერ დავეხმარე როგორც საჭირო იყო…

…გუშინაც ვთქვი, რომ ძნელი მატჩი გველოდა. ასეთი ფეხბურთი ბევრჯერ მინახავს და ვიცი, რომ თუ პირველ ტაიმში შენთვის სასურველ რიტმში ვერ ჩაჯექი, მოწინააღმდეგეს დამატებითი სტიმული მიეცემა. შეხვედრის დასაწყისში არ უნდა იფიქრო, რომ ჯერ კიდევ გაქვს დრო. როდესაც ასე იწყებ ფიქრს, თამაში ერთიორად ძნელდება. დღეს მოგებას არ ვიმსახურებდით. ვულოცავ „ლორიანს’’. ის მთელი 90 წუთის განმავლობაში მობილიზებული იყო. გუშინვე ვამბობდი, რომ ამ შეხვედრის მოგება ძნელი იქნებოდა, მაგრამ არავინ დამიჯერა’’.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.