„ქართველი გარემარბი რამდენიმე მკრთალი თამაშის შემდეგ კვლავ მთელი ბრწყინვალებით წარმოგვიდგა. ამ დღეს „ნაპოლის’’ ყოფილი ფეხბურთელი იყო მძლავრი და შთაგონებული. მან ჯერ დეზირე დუეს მიაწოდა საგოლე პასი, შემდეგ კი თავად გაიტანა გოლი, რომლის დროსაც ბურთი ორივე ძელს მოხვდა. მისმა ტექნიკამ გერმანული გუნდის დაცვა დინამიტივით ააფეთქა’’, ― დაწერა „პარი სენ ჟერმენის’’ მიერ „ლევერკუზენის’’ 7:2 ძლევის შემდეგ ფრანგულმა საიტმა maxifoot-მა, რომელმაც ხვიჩას 8 თამაში ქულით შეაფასა. ამავე საიტის აზრით ხვიჩას დონეზე ითამაშა დეზირე დუემ.
ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურის შეხვედრა ლევერკუზენში „ბაიარენაზე’’ გაიმართა. ზემოთ ნახსენებმა პორტალმა საკუთრივ თამაშსაც 8 ქულა დაუწერა და აღნიშნა, რომ მასში ყველაფერი მოხდა რაც შეიძლება ფეხბურთში ვიხილოთ. კერძოდ, პირველი ტაიმი სრულიად გიჟური გამოდგა. გუნდები რობერტ ანდრიხისა და ილია ზაბარნის გაძევების შემდეგ ათ-ათი ფეხბურთელით დარჩნენ მოედანზე. მასპინძლებმა დაარტყეს ორი პენალტი, ერთი გაიტანეს, მეორე ვერა. ბურთი არაერთხელ მოხვდა ძელს. პარიზელებმა ყველა მონაკვეთზე თავიანთი უპირატესობა დაამტკიცეს. მათი თამაში იყო ტექნიკურად დახვეწილი, ჰქონდა სასურველი რიტმი, ვნახეთ ბურთის ბრწყინვალე გადატანები და მუდმივი ზეწოლა მეტოქეზე.
maxifoot-მა კვარაცხელიაზე მაღალი ქულა მხოლოდ ნუნუ მენდეშს (9) და ვიტინიას (9.5) დაუწერა. აღსანიშნავია, რომ უეფას ვერსიით მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი მენდეში იყო.
Flashscore-ს ვერსიით კვარაცხელიამ 8.5-ზე ითამაშა. ამ საიტმა ქართველზე მეტი დაუწერა ბრედლი ბარკოლას, დუეს და მენდეშს.
Sofascore-მა კვარაცხელიას 8.0 დაუწერა, ხოლო მასზე მეტი არგუნა ვიტინიას, მენდეშს და დუეს.
Whoscored-ის ვერსიით კვარაცხელიას თამაში 8.2 ქულად ფასდება. ამაზე მეტი მიიღეს ბარკოლამ (რომელიც ამ საიტმა საუკეთესოდ მიიჩნია — 9.0) დუემ, ვიტინიამ და მენდეშმა.
ამ შეხვედრაში გოლები გაიტანეს: 0:1 ვილიან პაჩომ (7), 1:1 ალექსის გარსიამ (38 პენ), 1:2 დეზირე დუემ (41), 1:3 ხვიჩა კვარაცხელიამ (44), 1:4 დეზირე დუემ (45+3), ნუნუ მენდეშმა (1:5), 2:5 ალექსის გარსიამ (54), 2:6 ოსმან დემბელემ (66), 2:7 ვიტინიამ (90).
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური27/06/2026 | 09:27პსჟ მალიორკით დაიწყებს
მთავარი ამბავი27/06/2026 | 08:39კაპე ვერდე: გამოუშვით არგენტინა!
აქეთურ-იქითური26/06/2026 | 11:52This Is Anfield: მამარდაშვილის სეზონმა პასუხზე მეტი კითხვა დატოვა
აქეთურ-იქითური26/06/2026 | 08:29ნიუ იორკის მერი: სპორტი ფუფუნების საგნად არ უნდა იქცეს!
