პატარა გორი დიდ 10-ში

Home სიახლეები პატარა გორი დიდ 10-ში
პატარა გორი დიდ 10-ში

სარაგბო ჩემპიონატის პირველი ლიგის ფინალმა, რომელიც დედაქალაქურ „ავჭალაზე“ გაიმართა, ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ეს იყო თამაში, რომელიც აშკარად იმსახურებდა დიდი ფინალის წოდებას. რეგულარული სეზონის მომგები „გორი“ გამოკვეთილი ფავორიტი იყო პირველი ლიგის ახალბედა თბილისის „წიქარასთან“ დაპირისპირებაში, თუმცა ამ დრამატული მატჩის თავბრუდამხვევმა სიუჟეტმა მაყურებელი და ორივე მოწინააღმდეგე მხარე უკიდურეს დაძაბულობაში ბოლო წამამდე ამყოფა. „გორმა“ თამაშის ბოლოსწინა წუთზე გატანილი ლელო-გარდასახვით კიდევ ერთხელ და საბოლოოდ დაწინაურდა და ჩემპიონატსაც წერტილი იქ დაესვა – 26:22 და „გორი“ თავისი არსებობის ისტორიაში პირველად შეუერთდა ქვეყნის რჩეულ კლუბთა დიდ 10-ს, ხოლო ქართული სარაგბო სეზონის მთავარმა სენსაციამ, თბილისის „წიქარამ“ კიდევაც შეინარჩუნა მორიგი სასწაულის ჩადენის შანსი – მომავალ უქმეებზე ამ მეტად სიმპათიური გუნდისა და სამცხე-ჯავახეთის „ტაოს“ ჯახში გაირკვევა, თუ რომელი მათგანი დაიწყებს მომავალ სეზონს დიდ 10-ში და რამელი – პირველ ლიგაში.

31 მაისს კი, „ავჭალამ“ პირველი ლიგის დიდ ფინალს უმასპინძლა და უჩვეულოდ ხალხმრავალმა აუდიტორიამ სტადიონის ტრიბუნები ემოციებისგან დაცლილმა დატოვა. „წიქარამ“ გორელთა პირველივე შეტევას კონტრიერიშით უპასუხა და ლელოც გაიტანა. ამის მერე „გორმა“ ამოქოქა თავისი მძლავრი შერკინება და სულ მალე საკმაოდ სოლიდური უპირატესობაც მიიღო – სათამაშოც და ქულადიც. თუმცა, დედაქალაქელები დანებებას არ აპირებდნენ და ტაიმის ბოლოსკენ ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანეს – 13:14. უფრო მეტიც – მათ დამრტყმელ გიორგი ასათიანს ორი ლელოდან თუნდაც ერთი რომ გარდაესახა, ვითარება სულ სხვაგვარი იქნებოდა.

სამაგიეროდ, ასათიანმა მიზანი მეორე ტაიმში გაასწორა და 72-ე წუთისთვის „წიქარა“ 22:19 დაწინაურდა კიდეც, თანაც სწორედ ასათიანის მიერ გატანილი ჯარიმებით, მათ შორის მეტად შორი მანძილიდან.

თუმცა, თამაშის მიწურულს „გორმა“ მორიგ ჯერზე ააგორა თავისი უმძლავრესი მოლი და სიქაგამოცლილ თბილისელებს ლელო გაუტანა, ხოლო გოდერძი ჭინჭარაულმა გარდასახა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა – 26:22.

კეთილი იყოს „გორის“ მობრძანება დიდ 10-ში, „წიქარას“ კი მადლობა ბრძოლის იმ ჟინისთვის, რომელმაც მისი მეტოქეც კი გააკვირვა.