გოგა ბითაძემ ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში კარიერის მატჩი ითამაშა.
გამთენიისას „ორლანდო მეჯიქმა“ შინ, „ფინიქსი“ 115:110 დაამარცხა, ხოლო ქართველი ცენტრი მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა. ბითაძე სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 31 წუთი დაჰყო. დროის ასეთი ზრდა იმითიც იყო გამოწვეული, რომ „ორლანდოს“ პაულო ბანკეროსთან ერთად ფრიც ვაგნერიც აკლდა.
ბითაძემ დრო და შანსი ჩინებულად გამოიყენა და მატჩის ერთადერთი ორმაგი დუბლი გააკეთა – 21 ქულა, 16 მოხსნა, 4 პასი. ჩვენებურმა 14-დან რვა ორქულიანი და ექვსიდან ხუთი საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი, ააცილა. გოგასთვის 16 მოხსნა NBA-ში კარიერის პირადი რეკორდია, ხოლო ქულები – სეზონის პირადი.
„ორლანდოს“ 17 მოგება და 9 მარცხი აქვს, აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზეა. შემდეგ მატჩს კი, 11 დეკემბერს, მილუოკიში, „ბაქსთან“ გამართავს.
განსხვავებული მდგომარეობაშია სანდრო მამუკელაშვილი, რომელსაც გუნდში ნაკლები ნდობა აქვს. „სან ანტონიომ“ საკუთარ მოედანზე „ნიუ ორლეანი“ 116:121 დაამარცხა და ეს ყველაფერი ჩვენებურის გარეშე მოხდა. ტეხასელები შარშანდელზე უკეთეს სეზონს კი ატარებენ და განსხვავებული მიზანიც აქვთ – ფლეი ოფში თუ არა, ფლეი ინის მატჩებში მოხვედრა მაინც შეძლონ, რომლის ზონასთანაც ერთ ნაბიჯში, მე-11 ადგილზე არიან. „სან ანტონიო“ 14 დეკემბერს პორტლენდს ესტუმრება.