„სანი’’ ირონიულად წერს, რომ ერთი დადებითი რამ ნამდვილად გამოიკვეთა: „მანჩესტერ სიტიმ’’ მარცხიანი სერია დაასრულა, ზედიზედ მეექვსე შეხვედრა აღარ წააგო. სერიოზულად კი კრიზისი გრძელდება. პეპ გვარდიოლას მრისხანე გუნდმა მოახერხა და შინ „ფეიენოორდთან’’ სამგოლიანი უპირატესობა ქარს გაატანა – 3:3. თან, „ქალაქელებმა’’ გოლები ბოლო 14 წუთში გაუშვეს.
ყვითელი პრესის დედოფალმა ყურადღება მიაქცია, რომ მატჩის შემდეგ გვარდიოლას სახე და თავი დაკაწრული ჰქონდა. ეჭვი არ არის, ეს განცდის შედეგიაო, წერს გაზეთი. არადა, გიგანტისთვის უხერხულია: „სიტი’’ გახდა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი გუნდი, რომელიც 75-ე წუთამდე 3:0-ს იგებდა, მაგრამ გაუთანაბრეს. შედეგად ცხრილში „ქალაქელთა’’ მდგომარეობა გართულდა, თან „იუვენტუსსა’’ და „პარი სენ ჟერმენთან’’ ჯერ კიდევ სათამაშო აქვს. სადღეისოდ გვარდიოლას რაზმი მე-15 პოზიციაზეა.
და რაკიღა მომავალი მატჩები ვახსენეთ: კვირას „მანჩესტერ სიტის’’ პრემიერლიგაშიც ურთულესი შეხვედრა ელის — „ენფილდზე’’, „ლივერპულთან’’.