სანაკრებო კვირეულის შემდეგ ევროპაში ეროვნული ჩემპიონატები განახლდება. ესპანურ ლა ლიგაში საქართველოს 2023-24 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია’’ „ლას პალმლასს’’ მასპინძლობს. AS წერს, რომ ეს იქნება ძველი თანაგუნდელების მამარდაშვილისა და ჰოლანდიელი ჯასპერ სილესენის შეხვედრა. სილესენი ის მეკარეა, რომელიც ქართველს „მესტალიაზე’’ დახვდა, რომელიც გიორგიმ შემადგენლობიდან ამოაგდო და რომელზეც ამბობს: „ის მე ძალიან დამეხმარა’’.

ჯასპერი „ვალენსიაში’’ 2019 წელს გადავიდა. „ჩეებს’’ მის სანაცვლოდ „ბარსელონასთვის’’ ცენტიც არ გადაუხდიათ, ის კლუბებს შორის მეკარეთა გაცვლის ნაწილი იყო. მაშინ კატალონიელებმა ვალენსიელებისგან ბრაზილიელი ნეტო მუარა გადაიბირეს. ნეტო დღეს „ბორნმუთის’’ საკუთრებაა, ოღონდ „არსენალშია’’ იჯარით გაშვებული.

სილესენმა „ვალენსიაში’’ სამი სეზონი გაატარა, მაგრამ იღბალი არ სწყალობდა – სულ რაღაც 57 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. პირველ და მეორე სეზონი მას ტრავმებმა ჩაუშხამა, ოპერაციის გაკეთებაც კი დასჭირდა, ხოლო მესამე სეზონში გუნდში გიორგი მამარდაშვილი გამოჩნდა. ქართველმა პრე-სეზონის პირველივე დღიდან გაურთულა ნიდერლანდელს ცხოვრება. „ღამურების’’ მაშინდელმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა ის ასაკის მიუხედავად ძირითადი შემადგენლობის მეკარედ აქცია და თერთმეტი წლით უფროსი სილესენი სათადარიგოთა სკამზე დასვა.

სილესენი გახლდათ ერთ-ერთი პირველი ვინც მეოთხე მეკარედ ნაყიდი ახალი თანაგუნდელის ნიჭი შეამჩნია. ის მამარდაშვილისთვის სარკედ იქცა, დაეხმარა მას. ქართველი ნიდერლანდელისგან ბევრს სწავლობდა.

„მხარში დამიდგნენ თანაგუნდელები, განსაკუთრებით სილესენი. როდესაც ვალენსიაში ჩამოვედი ესპანური არ ვიცოდი და ჯასპერს ინგლისურად ველაპარაკებოდი. ის ძალიან დამეხმარა’’, ― თქვა მამარდაშვილმა 2022 წლის აპრილში მიცემულ ინტერვიუში.

ჯასპერმა და გიორგიმ „ვალენსიაში’’ ერთად მხოლოდ 2021-22 წლების სეზონი გაატარეს. ჰოლანდიელმა 17 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ქართველმა – ოცდაერთში. ამ ოცდაერთ შეხვედრას შორის იყო ესპანეთის თასის ფინალი „ბეტისის’’ წინააღმდეგ. შემდეგ კი სილესენმა ვაჟკაცურად აღიარა ის ფაქტი, რომ პერსპექტიულმა მეკარემ მას აჯობა. მეკარემ, რომელიც ახლა „ლივერპულმა’’ იყიდა.

ორშაბათს, 21 ოქტომბერს მამარდაშვილი და სილესენი „მესტალიაზე’’ კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს ― ნიდერლანდელი ზაფხულში სამშობლოდან („ნაიმეგენიდან’’) ლა ლიგაში დაბრუნდა. თავიდან მას სასტარტო შემადგენლობაში ათამაშებდნენ, მაგრამ ტრავმამ რამდენიმე კვირა გამოატოვებინა. ახლა სილესენი გამოჯანმრთელდა და დიდი შანსია „ლას პალმასის’’ სასტარტო შემადგენლობაში ვიხილოთ. როგორც AS წერს, მას და გიორგის შორის შორის გულთბილი შეხვედრა გარანტირებულია, რადგან სილესენმა ქართველის კარიერაში დიდი როლი ითამაშა.