ტურინში „იუვენტუსთან” კვარა საკუთარი თავის ჩრდილიც კი არ იყო. სად იყო მისი ელვასავით სწრაფი, შედეგიანი შეტევა და აგრესიული, დაჟინებული თამაში დაცვაში. ღთვის გულისათვის, ასეთი რაღაცები როგორ არ ხდება, მაგრამ მისი და ლუკაკუს იმდღევანდელმა ფეხბურთმა — ნაცრისფერსა და გაუმჭვირვალეს შორის — საგანგებო ყურადღება მიიპყრო, რადგან მათგან პრინციპულ თამაშებში ყველა გადამწყვეტ მოქმედებებს ელოდება. ლაპარაკია დაპირისპირებებზე უშუალო კონკურენტებთან, რომლებიც, როგორც ხანგრძლივი სეზონი გვასწავლის, უმნიშვნელოვანესია და საბოლოო განსხვავებას ქმნის.
ხვიჩა ის ფეხბურთელია, რომელმაც იმ მშვენიერ, ტრიუმფალურ სეზონში ბევრი დიდი თამაშის ბედი გადაწყვიტა, მაგრამ აგერ უკვე წელიწადია იმ დონეზე იტალიაში პრემიერის წელიწადს რომ აჩვენა აღარ დაბრუნებულა. „ნაპოლი” კი დაჟინებულია, მეტად ამბიციური გახდა, მაღლა წევს თამასას, უპირველეს ყოვლისა კი თავს. ის აწმყოს უყურებს და სამიზნეს მომავალზე, ხვალის ჰორიზონტზე ასწორებს. და თუ ბოლო პერიოდის რიტმი შენარჩუნდება, შესაძლოა საინტერესო ამბების შემსწრენიც გავხდეთ. წინ არის საშინაო თამაშები „მონცასა” და „კომოსთან”, მანამდე კი იტალიის თასზე შეხვედრა „პალერმოსთან”: კვარა, თუ ჯერ კიდევ აქ ხარ, ნიშანი მოგვეცი!
კვარა სათასო შეხვედრაში სკამზე იჯდება
„პალერმოსთან” მატჩის დასაწყისში ის იმ ტანისამოსიან კაცებს შორის იჯდება თამაშს გვერდიდან რომ უყურებენ. მას სასტარტო შემადგენლობაში ჩატარებული თასისა და ჩემპიონატის ზედიზედ ექვსი თამაშისა ორი მტკივნეული დარტყმის (კისერსა და კოჭში) გადატანის შემდეგ ცოტა ამოსუნთქვა სჭირდება. პლუს, ამ პერიოდში ორჯერ იფრინა იტალიიდან საქართველოში და უკან. პირველად, როდესაც ვაჟი, დამიანე გაუჩნდა (რაც ბუნებრივია ემოციათა მთელ ნიაღვართან იყო დაკავშირებული) ოთხ დღეში იმგზავრა წინ და უკან, მეორედ კი ნაკრებში გამოძახებული ჩაფრინდა საქართველოში, იქიდან ალბანეთს გაემგზავრა და ალბანეთიდან იტალიაში დაბრუნდა. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, რომელუსი არ იყოს (თუმც ბელგიელის მიზეზები სხვაა) მას ფსიქოლოგიური ჩავარდნა აქვს.
კონტრაქტის განახლება კი ჯერ არ ჩანს
მაგრამ ის კვარაა, 23 წლის ბიჭი, რომლისგან ყველა სასწაულს, მაღალი კლასის მოქმედებას, გოლს, საგოლე პასს, მისთვის დამახასიათებელ თამაშს ელის. ასეთია ამ ადამიანის დაუნდობელი ხვედრი. ის არის ბზარი, რომელსაც კონტე და „ნაპოლი” მალავენ, რადგან ზაფხულში „პარი სენ ჟერმენისგან” სუპერწინადადება მიიღეს. ის შეთავაზება ყველას აურევდა თავგზას. ლაპარაკი იყო 210 მილიონზე ტყუპების კვარასა და ოსიმენის სანაცვლოდ. ხოლო საკუთრივ ფეხბურთელს სეზონში 11 მილიონს სთავაზობდნენ. თუკი ამ ყველაფერს განმარტებებით და მინიშნებებით წავიკითხავთ მივხვდებით, რომ ოსის „პარი სენ ჟერმენში” ვერ-გაყიდვა ირიბად კვარასთან არის კავშირში: ცხადია მას არაფერი დაუშავებია, მაგრამ ხსენებული წყვილიდან „ნაპოლიმ” ხელშეუხებლად ის გამოაცხადა და გარიგებაც ამიტომ ჩაიშალა. ამინ.
სხვათა შორის, კვარასა და „აძურის” შორის ხელშეკრულების 2029 წლამდე გაგრძელების შესახებ მოლაპარაკებები ჯერ კიდევ გრძელდება: მოთხოვნასა და შეთავაზებას შორის სხვაობაა. მოთხოვნა ასეთია: 8 მილიონი სეზონში; შეთავაზება კი ხელფას-ბინუსებიანად 6 მილიონს უდრის, რაც კვარას ლუკაკუს გაუტოლებს. მოკლედ ამას წერტილი უნდა დაესვას. კვარას ფეხბურთის კალამი კი წერტილს არ სვამს: გოლი და საგოლე პასი „ბოლონიასა” და „კალიარისთან”, ჩამაფიქრებელი პაუზა „იუვესთან” და პერსპექტივა იმისა, რომ ჩემპიონატის შემდგომი წყვეტისთვის გუნდი ცხრილში ძალიან მაღალ საფეხურზე იქნება. ამისათვის, კვირას „ნაპოლიმ” „მონცა” უნდა დაამარცხოს, პარასკევს 4 ოქტომბერს კი „კომო”. შემდეგ ვინ იცის რა მოხდება. მთავარი რწმენაა. და კვარას თავიდან აღმოჩენა.
corrieredellosport