პირველი ქართული პროფესიული სარაგბო ფრენჩაიზი „შავი ლომი“ მორიგ სეზონს შაბათს, 15 სექტემბერს დაიწყებს. ამიერიდან ამ გუნდს სათავეში ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი რიჩარდ კოკერილი ეყოლება და გარდა ამისა, სიახლეები გუნდის შემადგენლობაშიცაა.

ფრენჩაიზთან კონტრაქტი ბევრმა ახალგაზრდა მორაგბემ გააფორმა, არიან საფრანგეთიდან დაბრუნებულებიც. მოკლედ, „შავი ლომი“ ახალ სეზონს ახალი ძალებით იწყებს.

„რაგბი ევროპის“ სუპერთასის 2024 წლის გათამაშებას ქართული ფრენჩაიზი ესპანურ ქალაქ ბურგოსში ადგილობრივ „იბერიანსთან“ 14 საათზე შერკინებით დაიწყებს და მის შემადგენლობაში 9 ახალი სახეა. სასტარტოში იქნება „ნევერიდან“ გადმოსული ბორჯღალოსანი მეორეხაზელი ლადო ჩაჩანიძე, „სტად ფრანსედან“ – გამოცდილი მესამეხაზელი ბორჯღალოსანი გიორგი ცუცქირიძე და ორი ქუთაისის „აიადან“ დაკონტრაქტებული მესამეხაზელი გიორგი სინაურიძე და გარემარბი ამირან შვანგირაძე.

მარქაფაში 5 ახალბედაა, თუ ეს სიტყვა ესადაგება უგამოცდილეს ვეტერან ვასილ კაკოვინს, რომელსაც ტოპ 14-ში შესანიშნავი კარიერის მსვლელობისას მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს ლიგაში 200-მდე მატჩი ჩაუტარებია. დებიუტი ექნება „ბაიონიდაN’ საქართველოში დაბრუნებულ მეორეხაზელ გუგა ღანიაშვილს, „აიას“ კიდევ ერთ აღსაზრდელ მესამეხაზელ გიორგი ნიკოლაძეს, 9 ნომერმა დავით ხუროშვილმა „შავი ლომი“ „კლერმონს“ ამჯობინა, ხოლო 20 წლის უნივერსალი უკანახაზელი იოანე მეტრეველი ფრენჩაიზში „ლელო-სარასენსიდან“ მივიდა.

რაც შეეხება მეტოქეს, ესპანური „იბერიანსი“ „შავ ლომს“ ტურნირის სამწლიან ისტორიაში 4-ჯერ გადაეყარა და ოთხივე ჯერზე გამარჯვება სუპერ თასის სამგზის და უცვლელ მფლობელ ქართველებს რჩებოდათ.

ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, კვირას, 15 სექტემბერს დღის 2 საათზე „შავი ლომი“ მორიგ სეზონს იწყებს.

„შავი ლომის“ შემადგენლობა „იბერიანსთან“ შეხვედრაში:

1. დავით აბდუშელიშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბაჩუკი ჭუმბაძე, 4. დემურ ეფრემიძე, 5. ვლადიმერ ჩაჩანიძე, 6. გიორგი სინაურიძე, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. ლუკა ივანიშვილი (კაპიტანი), 9. თენგიზ პერანიძე, 10. ლუკა მატკავა, 11. შალვა აფციაური, 12. თორნიკე კახოიძე, 13. დემურ თაფლაძე, 14. ამირან შვანგირაძე, 15. ლუკა ცირეკიძე.

მარქაფა: 16. ირაკლი ქვათაძე, 17. ვასილ კაკოვინი, 18. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 19. გურამ ღანიაშვილი, 20. გიორგი ნიკოლაძე, 21. დავით ხუროშვილი, 22. იოანე მეტრეველი, 23. ალექსანდრე თოდუა.