ვინ დაწყევლა „ვალენსია”? გეგონება უხეირო ფეხბურთის თამაში არ ეყოფოდა, მისი ახალი შენაძენი რაფა მირი ორშაბათს პოლიციამ დააკავა. მირს ორ სექსუალურ დანაშაულში ედება ბრალი. ფეხბურთელს უჩივის 21 წლის ქალი, რომელიც მან გასულ შაბათს ვალენსიის ცნობილ ღამის კლუბში „ვილიარეალთან” თამაშის (1:1) შემდეგ გაიცნო. დააკავეს „სევილიადან” იჯარით გადაყვანილი ფეხბურთელის მეგობარიც, რომელმაც სავარაუდოდ მეორე მსხვერპლს ფიზიკური დაზიანება მიაყენა.

Cadena Ser-მა გამოიკვლია, რომ დანაშაული მირის სახლში მოხდა. ღამის კლუბში გაცნობილი ქალები მას სახლში წაყვნენ და იქ გააგრძელეს დროსტარება. კამპანიას აქ შეუერთდა თავდამსხმელის ორი მეგობარი, რომელთაგან ერთი, როგორც გითხარით, დაკავებულია.

როგორც ირკვევა, რაფა მირს თავიდან სექსი ჰქონდა ერთ-ერთ ქალთან, რაც ქალის თანხმობითა და სურვილით მოხდა, მაგრამ მოგვიანებით ფეხბურთელი თავს დაესხა მის ამხანაგს, რომელიც საცურაო აუზში ჩააგდო. იქ, აუზში მირი მას სავარაუდოდ ფიზიკურად შეეხო და ამას სექსუალური ძალადობა მოჰყვა.

ძალადობა ამით არ დამთავრებულა. აგრესორს ქალი სააბაზანოშიც შეუყვანია და იქაც გაუუპატიურებია. ის კიოდა და მეგობარს დასახმარებლად ეძახდა. ამ დროს ფეხბურთელის მეგობარმა მსხვერპლის ამხანაგს სავარაუდოდ ტუჩებში ხელი გაარტყა. ამის მერე მირმა ქალები სახლიდან ნახევრად შიშველები გაყარა. ეს სცენა მეზობელმა დაინახა და პოლიციაში დარეკა.

ამბობენ, რომ თავიდან დაზარალებული გაუპატიურებაზე არაფერს ამბობდა, რადგან ეგონა რომ არ დაუჯერებდნენ, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, მაგრამ იმდენად შეძრწუნებული იყო, რომ მამას დაურეკა და სახლისკენ გზად, მანქანაში მას ყველაფერი უამბო. მამამ ის დაუყოვნებლივ მიიყვანა საავადმყოფოში სადაც პროტოკოლის თანახმად დაფიქსირდა ყველაფერი.

სავარაუდოდ რაფა მირს პოლიციის განყოფილებიდან დღეს წინასწარი დაკავების სხვა დაწესებულებაში გადაიყვანენ.