Khvicha Kvaratskhelia of SSC Napoli during the Serie A TIM match between SSC Napoli and US Lecce at Stadio Diego Armando Maradona Naples Italy on 26...კილიან მბაპე „პარი სენ ჟერმენიდან” მიდის. შვიდნომრიანი მაისურა თავისუფლდება. იტალიური „კორიერე დელო სპორტი” წერს, რომ ამ მძიმე მემკვიდროების გადასაცემად პარიზელებს მთავარ ფავორიტად ქართველი ხვიჩა კვარაცხელია ჰყავთ შეგულებული, რომელიც პურსა და კრიშტიანუ რონალდუს გულშემატკივრობაზეა გაზრდილი.

შვიდნომრიანი მაისურის ჩაცმა კვარაცხელიას „ნაპოლიშიც” შეუძლია. ორი წლის წინ როდესაც ის ნეაპოლში ჩავიდა საყვარელი ნომერი დაკავებული დახვდა, ის ელიფ ელმასს ეცვა და ამიტომ ქართველმა 77 აირჩია. დღეს ჩრდილომაკედონიელი „აძურის” ფეხბურთელი აღარ არის და შვიდიანიც თავისუფალია.

ნეაპოლელთა მეპატრონეს აურელიო დე ლაურენტისს კვარას გაყიდვა არ უნდა. პრეზიდენტს სურს, ახალი გუნდი მის გარშემო ააწყოს. საამისოდ მას მწვრთნელად გამოცდილი ანტონიო კონტე მოჰყავს. თან კვარაცხელიას დე ლაურენტისთან 2027 წლამდე აკავშირებს კონტრაქტი, ეს თარიღი კი ჯერ შორს არის იმისათვის, რომ „ნაპოლიმ” ფასი დააკლოს და ფეხბურთელის გაყიდვა იჩქაროს.

მეორე მხრივ „კორიერე დელო სპორტი” წერს, რომ ამ ორ წელიწადში გამორიცხული იყო კვარაცხელიას მსურველი არ გამოსჩენოდა. მითუმეტეს „პარი სენ ჟერმენი”, რომელსაც „ნაპოლისგან” ფეხბურთელების ყიდვის გამოცდილება აქვს. გავიხსენოთ ესეკიელ ლავეცი, ედილსონ კავანი და ფაბიან რუისი. პარიზელების პრეზიდენტ ნასერ ალ ხელაიფისა და დე ლაურენტისს კარგი პარტნიორული ურთიერთობები აქვთ. არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ ყატარის ემირმა პსჟ-ს პრეზიდენტს ახალი ფეხბურთელების შესაძენად დიდძალი ფული გამოუყო. საფრანგეთის ჩემპიონს აუსრულებელი ოცნება აქვს, ჩემპიონთა ლიგის მოგება უნდა.

ემირის მიერ გამოყოფილი თანხის ნაწილი ალ ხელაიფიმ ახალ თავდამსხმელში უნდა დახარჯოს, მწვრთნელ ლუის ენრიკესა და სპორტულ დირექტორ ლუის კამპოსს კი ასეთად ქართველი მიაჩნიათ.

კვარას მბაპეს მსგავსად მარცხნიდან იყვარს თამაში, მაგრამ მას შუაში შესვლაც ეხერხება. ამრიგად, ის სრულიად შეესაბამება კონტეს იდეას, რომლის თანახმადაც ხვიჩამ ცენტრალურ ფორვარდთან ახლოს უნდა იმოქმედოს. უფრო ახლოს ვიდრე აქამდე მოქმედებდა. მავანს შეიძლება გაახსენდეს ედენ აზარი, რომელსაც იტალიელი მწვრთნელი „ჩელსიში” 3-4-2-1 სქემაში ათამაშებდა.

მოკლედ რომ ვთქვათ, ხვიჩა ის ფეხბურთელია, რომელიც „ნაპოლის” მომავალ თავკაცს სჭირდება, მაგრამ „პარი სენ ჟერმენი” მასში 100 მილიონ ევროს იხდის და ეს მაცდური თანხაა. „კორიერე დელო სპორტი” ამბობს, რომ ახლა ყველაფერი დე ლაურენტისის ხელშია. მას შეუძლია ქართველი გაჰყიდოს ან ხელფასი გაუზარდოს და დაიტოვოს, მაგრამ არის მესამე ვარიანტიც, რომელიც „ნაპოლის” პრეზიდენტისგან გასაკვირი არ იქნება: მას შეუძლია გამოაცხადოს, რომ კვარას მის კლუბთან ხელშეკრულება უკვე აქვს და ამიტომ კეთილი უნდა ინებოს და მისი პირობები ბოლომდე დაიცვას. ის ხშირად იმეორებს, რომ როდესაც ადამიანი კონტრაქტს ხელს აწერს, მერე ვალდებულია საკუთარ ხელმოწერას უერთგულოს.