ლეგენდარულმა რომარიომ — „ბარსელონასა” და „ვალენსიას” ყოფილმა ვარსკვლავმა, 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა, მთელს მსოფლიოში, მათ რიცხვში საქართველოში უამრავი გულშემატკივრის კერპმა — 58 წლის ასაკში გადაწყვიტა პროფესიონალი ფეხბურთელის კარიერა განაახლოს და „ამერიკა დე რიო დე ჟანეიროში” ვარჯიშს შეუდგა. ყოფილ თუ კვლავ მოქმედ თავდამსხმელს 16 წელიწადია არ უვარჯიშია.

რომარიომ კლუბთან, რომლის პრეზიდენტიც თავადაა, მინიმალურ ხელფასზე გააფორმა კონტრაქტი. მას სურს თავისი ვაჟის, რომარინიოს მხარდამხარ იბურთაოს. რომარიოს პირველმა ვარჯიშმა ცხადია ინტერესი გამოიწვია. ვარჯიშის შემდეგ ლეგენდამ თქვა:

„იმის დედა ….. ისე დავიღალე. მალე ალბათ საკაცით წამიღებენ. 16 წელიწადია არ მივარჯიშია”.

რომარიოს ჰკითხეს გახდება თუ არა გუნდის პენალტისტი. პასუხად მან იხუმრა: „თუ პენალტი დაინიშნება პრეზიდენტი მწვრთნელს სთხოვს მას დაარტყმევინოს. თუ მწვრთნელი არ დაარტყმევინებს, პრეზიდენტი მას თანამდებობიდან მოხსნის და მაინც დაარტყამს. აბა, როგორ გინდათ? სწორედ ესაა პრეზიდენტის მოვალეობა”.

შემდეგ, რომარიომ თავისი მიზნის შესახებ ილაპარაკა: „მინდა ყველას ვუთხრა, რომ ჩემი ამოცანა შემადგენლობაში მოხვედრა და იქ რეგულარურად თამაში არ არის. მინდა ხანდახან რამდენიმე წუთით შევიდე მოედანზე. ყველაზე მეტად კი ჩემი შვილის მხარდამხარ თამაში მსურს. ბევრ სპორტსმენს სურდა ასეთი რამ. ლებრონ ჯეიმსს, რივალდოს… მრავალს უნდოდა, მაგრამ ცოტას მიეცა ამის შესაძლებლობა. მე საბედნიეროდ ამის შესაძლებლობა მეძლევა”.