14 ქართველი ტოპ 14-ში

Home დავთარი 14 ქართველი ტოპ 14-ში
14 ქართველი ტოპ 14-ში

საფრანგეთის ჩემპიონატის ტოპ 14-ში მე-19 ტურის 7 მატჩი შედგა და სასიხარულოა, რომ ქართველთა გარეშე არცერთ მათგანს ჩაუვლია. მთლიანობაში გასულ უქმეებზე 14-მა ჩვენებურმა ითამაშა, რაც ნამდვილად არაა ურიგო რიცხვი.

ლიდერის პოზიციაზე დედაქალაქური „სტად ფრანსე“ დაბრუნდა, რომელმაც „ლიონს“ უმასპინძლა და 22:13 იმარჯვა. შეხვედრა „ჟან ბუენზე“ შედგა, ასე რომ სტუმართა ბორჯღალოსან უკანახაზელ დავით ნინიაშვილს ამ არენაზე ზედიზედ მეორე მატჩის ჩატარება მოუხდა, რადგანაც ერთი კვირით ადრე სწორედ იქ მოიპოვა საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონის მორიგი ტიტული. „ნინიმ“ შეუცვლელად ითამაშა, მეორე ტაიმში, 48-ე წუთზე პარიზელთა შორის ნინიაშვილის ბავშვობის მეგობარი სერგო აბრამიშვილი გამოჩნდა, ხოლო 56-ეზე ლიონელთა მარქაფიდან თამაშში ბექა საღინაძე შევიდა, რომელმაც ხანგრძლივი სარეაბილიტაციო პროცესი, როგორც იქნა, დაასრულა.

ყოფილმა ლიდერმა და მოქმედმა ჩემპიონმა „ტულუზმა“ პირველი ადგილი ბორდოში მარცხის შემდეგ დათმო. „ბორდომ“ 31:28 მოიგო და მრისხანე მეტოქეს ბონუსი გაატანა, თავად კი მესამე საფეხურზე გამაგრდა. მასპინძელთა შორის ტრავმამოშუშებული ლექსო ყაულაშვილი გამოჩნდა, რომელმაც, დაზუსტებული მონაცემებით, ტოპ 14-ში თავისი 150-ე მატჩი სწორედ „ტულუზთან“ ჩაატარა. სამწუხაროდ, მატჩის ბოლოს ლექსო კვლავ დაშავდა და მოედანი დატოვა.

საპლეიოფო ზონაში ყველა გუნდი „ქართულია“. მე-4 საფეხურზე „რასინგ-92“ ავიდა, რომელმაც კასტრში მძიმე ბრძოლა მოიგო – 23:21. მასპინძლებმა ბონუსი მიითვალეს, ხოლო ლევან ჩილაჩავა თამაშში 50-ე წუთზე ჩაერთო, თუმცა 7 წუთში თავი სინბინში ამოყო.

მე-5 ადგილზე „ტულონმა“ აინაცვლა, რომელმაც „მონპელიე“ სასტიკად გაანადგურა – 54:7. გამარჯვებულ გუნდში 47-ე წუთიდან ბოლომდე ბექა გიგაშვილმა ითამაშა, ხოლო მონპელელთა სასტარტოში ლუკა ჯაფარიძე იყო, რომელმაც 34-ე წუთზე დაზიანება მიიღო და თამაში აღარც გააგრძელა. „მონპელიე“ ბოლოსწინა, მე-13 ადგილზეა, რომელიც სეზონის ბოლოს პრო დ2-ის მეორეადგილოსანთან პლეი-ოფის თამაშს ნიშნავს.

მე-6, ბოლო საპლეიოფო ადგილზე ევროპის საკლუბო ჩემპიონი „ლა როშელი“ დგას, რომელმაც ბასკურ ბაიონში ბონუსით – 12:13 წააგო. „ბაიონის“ სასტარტოში კოტე მიქაუტაძე იყო, ვინც 52-ეზე დაასვენეს, სტუმართა შორის კი, 49-ე წუთზე სანდრო ქუნთელია გამოჩნდა.

ცხრილის ფსკერზე, უკვე 11- ქულიანი ჩამორჩენით, „ოიონაქსი“ დარჩა, რომელმაც შინ ერთ-ერთ უშუალო კონკურენტ „პერპინიანს“ ვერ მოუგო – 14:15. სტუმართა შორის პირველიდან 51-ე წუთამდე გიორგი თეთრაშვილმა ითამაშა, ხოლო მასპინძელთა რიგებში ტოპ 14-ში უხუცესმა ქართველმა ირაკლი მირცხულავამ პირველ ტაიმში ტრავმირებული თანაგუნდელი შეცვალა და 13 წუთი ითამაშა, ხოლო 62-ეზე სრულფასოვან შეცვლაზე შევიდა.

კიდევ ის მოხდა, რომ „კლერმონმა“ უდაძაბულეს ბრძოლაში „პოს“ 31:28 აჯობა და ბასკებს ბონუსი დაუთმო, „პოს“ მარქაფაში გურამ პაპიძე და ბექა გორგაძე იყვნენ.   პირველმა 33 წუთი ითამაშა, ხოლო „ბექსონამ“ მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა. „ვულკანებში“ კი ახალგაზრდა გიორგი ძმანაშვილი 47-ე წუთზე ჩაერთო თამაშში და ეს იყო მისი მე-10 მატჩი ტოპ 14-ში.

ავტორის პროფილი

სლავა გასპაროვი
სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.