დღეს, საქართველოს დროით შუაღამისას ესპანურ ლა ლიგაში გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია” „რეალს” მასპინძლობს. ვალენსიური პორტალი plazadeportiva წერს, რომ ეს შეხვედრა ხუთი მიზეზით არის მნიშვნელოვანი:

1. ევროპისკენ მიმავალი მატარებელი ხელიდან არ უნდა გავუშვათ

ეს არის ფეხბურთის მატჩი და ამიტომ ყველაფერზე მნიშვნელოვანი გამარჯვებაა. მითუფრო, რომ მეტოქე „რეალია”, რომლის წინააღმდეგ გულშემატკივარი ყოველთვის მაქსიმუმს ითხოვს. გარდა ამისა, „ვალენსიას” სამი ქულის მოპოვება საგაისო ევროთასებზე გასვლისთვის სჭირდება. მას მერე, რაც „გრანადასთან” თამაში გადაიდო, მეექვსე ადგილი „ღამურებისგან” ექვსი ქულის მანძილზეა და მარცხმა ევროპა შეიძლება დააშოროს.

2. დემონსტრაცია

ეს დღე ვალენსიელი ქომაგებისთვის მოხერხებულია საიმისოდ, რომ მათ ფართო აუდიტორიას აჩვენონ თავიანთი პროტესტი კლუბის მეპატრონის, სინგაპურელი მილიარდერის პიტერ ლიმის მიმართ. ხალხისა და ბიზნესმენის დაპირისპირებამ ახალი ძალით მას მერე იფეთქა, რაც საქმე დიდი ხნის დაუმთავრებელ სტადიონ „ნოუ მესტალიასა” და 2030 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს შეეხო — თუკი „ნოუ მესტალიას” დასრულებას საშველი დაადგება, შესაძლოა მან მუნდიალის თამაშსაც უმასპინძლოს.

დღეს, დასავლეთ ევროპის დროით საღამოს 5 საათზე ვალენსიაში პლასა დელ აიუნტამიენტოზე გულშემატკივრები შეიკრიბებიან და „მესტალიასკენ” მსვლელობას მოაწყობენ. გაიმართება მრავალრიცხოვანი დემონსტრაცია.

3. გაემიჯნეთ ხმაურს ვინისიუსის გამო

დღეს „მესტალიაზე” ვინისუსი ბრუნდება. მოგეხსენებათ, ვალენსიაში ბრაზილიელის ბოლო ყოფნის დროს მას სამმა გულშემატკივარმა რასისტული შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც სკანდალი მოჰყვა. „ვალენსიამ” ბრაზილიურ საპროდიუსერო კომპანიას აუკრძალა დღევანდელი მატჩის მსვლელობისას დოკუმენტური კადრების გადაღება. ხსენებული კომპანია Netflix-სთვის ამზადებს ფილმს ვინისუსის შესახებ. აკრძალვის მიზეზი ის არის, რომ ვალენსიაში დარწმუნდნენ: ბრაზილიური კომპანიის კამერები ძირითადად ტრიბუნების გადაღებას და ვინისიუსის წინააღმდეგ ნებისმიერი შეძახილის დაფიქსირებას აპირებდნენ.

4. ამ სეზონის ყველაზე ცუდი „ვალენსია” არ უნდა განმეორდეს

„დღეს ჩვენი ყველაზე ცუდი მატჩი იყო. „რეალთან” შეიძლება წააგო, მაგრამ ასე არ უნდა ითამაშო. საკუთარ თავს არ ვგავდით”, — თქვა პირველ წრეში, „სანტიაგო ბერნაბეუზე” 1:5 დამარცხების შემდეგ „ღამურების” მწვრთნელმა რუბენ ბარახამ. „ვალენსიამ” იმ მძიმე მარცხის შემდეგ გონს მოსვლა მოახერხა და ახლა „ლოს ბლანკოსთან” მორიგი პაექრობის შესაძლებლობა ეძლევა.

5. პატივი ვცეთ კამპანარში დაღუპულებს

ვალენსიაში დატრიალებული ტრაგედიის გამო დღევანდელი მატჩი რიგითი შეხვედრა არ იქნება. კამპანარში საცხოვრებელი კორპუსების დაწვამ ათი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. იმ დღეს „ვალენსიასა” და „გრანადას” შეხვედრა გადაიდო. „რეალთან” თამაში წუთიერი დუმილით დაიწყება. კლუბმა გადაწყვიტა სტადიონზე მიიწვიოს მეხანძრეები და მაშველები, რომელთა გმირობის წყალობით ქალაქი კიდევ უფრო დიდ მსხვერპლს გადაურჩა.