ფეხბურთს ყველა თავისებურად აღიქვამს. ამაში კიდევ ერთხელ დარწმუნება იოლად შეიძლება თუკი ერთმანეთს „ნაპოლისა” და „ბარსელონას” შეხვედრის (1:1) იტალიურ და ესპანურ გამოხმაურებებს შევადარებდით. იტალიელი ექსპერტებისა და მიმომხილველებისთვის „ნაპოლიმ” ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური შეხვედრის ბოლოს თამაში შემოატრიალა და მეოთხედფინალში გასვლის შანსი დაიტოვა. ესპანური მედია კი უკმაყოფილოა, რომ „ბარსამ” ვერ შეძლო ისეთი სუსტი მოწინააღმდეგის დამარცხება, როგორიც იტალიის ჩემპიონია. ესპანელებისთვის „ნაპოლი” კატასტროფაა, „ბარსელონა” კი კრიტიკის ობიექტი, რადგან ასეთი დაბალი დონის მეტოქესთან ფრეზე უკეთესი ვერაფერი მოახერხა.
მაგალითად, გამოცემა ABC წერს: „ნაპოლი” ჩვრის თოჯინას ჰგავდა, რომელიც „ბარსელონას” სათამაშოდ გადაუგდეს. „ბარსა” იქნება თუ ნებისმიერი სხვა გუნდი ასეთ სუსტ, უსუსურ და უმსგავსო მეტოქეს ვეღარ შეხვდება. საცოდაობა იყო მოედანზე მიზნის გარეშე მობოდიალე იტალიელების ნახვა. ისინი დაჭრილი ცხოველებივით შესაბრალისები იყვნენ. „ბარსამ” კი ასეთ ჩია და დაუცველ მეტოქეს ანგარიშის გათანაბრების შესაძლებლობა მისცა.
La Vanguardia: მეტოქე, რომელიც ჩემპიონთა ლიგაში გვერგო ჩანდა ქაოსური, არათანმიმდევრული, მოწყვლადი და უფხო.
Mundo Deportivo: „ბარსამ” საპასუხო შეხვედრაში წესით არ უნდა იწვალოს. ის გუშინდელ მეტოქეზე გაცილებით ძლიერია. ოსტატობით, თამაშით, შემადგენლობით თუ სხვა პარამეტრით გამარჯვება „ბლაუგრანას” უნდა დარჩეს.
ფრანგულმა So Foot-მა კი დაწერა: რა გულუბრყვილოები არიან ნეაპოლელები, რომელთაც ჰგონიათ, რომ მოგების შანსი აქვთ.
