დიახ, „ვულკანებად“ წოდებულმა კლერმონელმა მორაგბეებმა 5 ლელო დადეს „მიხეილ მესხზე“. 3:36 – ასეთი ანგარიშით წააგო „შავმა ლომმა“ ფრანგულ „კლერმონთან“ ჩელენჯ კაპის 2023/2024 წლების გათამაშების ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩი.
„ვულკანები“ თბილისში უძლიერესი შემადგენლობით იყვნენ ჩამოსულები და ეს, ერთი მხრივ, ადასტურებდა კლუბის მოტივაციას, მეორე კი ისაა, რომ „შავ ლომს“ პატივისცემით მოეპყრნენ – უელსში „სკარლეტსის“ ძლევა პატივისცემას თავისთავად იმსახურებს.
თუმცა, ერთია „სკარლეტსი“ და სულ სხვა – „კლერმონი“. დიდებული ისტორიისა და ავტორიტეტის კლუბი თბილისში ინიციატივას პირველივე წუთიდან დაეუფლა და თავის უპირატესობაში ეჭვის შეტანის უფლება წამითაც არავის მისცა და დიდი ანგარიშითაც გაიმარჯვა. ფრანგული გუნდი აბსოლუტურად ყველა ასპექტში აღემატებოდა ქართულს – ბურთსაც უფრო დიდხანს და დამაჯერებლად ფლობდა, ბევრად კონსტრუქციულად უტევდა, შერკინებაც არ დათმო, ხოლო კონტაქის სიხისტეში „შავ ლომზე“ ორი თავით მაღლა იდგა, რაც ყველაზე გასაკვირი იყო. ესაა ძალისმიერი და სწარფი გუნდი, რომელიც თავად ხომ მრავალფროვნად უტევს, მაგრამ დაცვაშიც იმდენად აგრესიული და ხისტია, რომ მოგვიწია აღიარება – „შავ ლომს“ ასეთ დონეზე თამაში ჯერჯერობით არ შეუძლია. კი ბატონი, ეს არ ყოფილა ქართული ფრენჩაიზის საუკეთესო მატჩი და 33-ქულიანი დეფიციტიც ამას ადასტურებს, მაგრამ ისიც ვთქვათ, რომ ასეთი მაღალკვალიფიციური და დაუნდბელი მეტოქეც ხომ პირველად შეგვხვდა?
ასეა თუ ისე, ეს მატჩიც აქტივში უნდა ჩავიწეროთ – აბა, პორტუგალიურ, ესპანურ და ებრაულ ფრენჩაიზებთან კონკურენციაში კლასის ამაღლებას მხლოდ მეტოქეები თუ ახერხებენ.
რაც შეეხება სატურნირო ამბებს, ჯგუფში პირველ ადგილზე ინგლისური „გლოსტერი“ გავიდა, მეორეზე -„კლერმონი“, მესამეზე – შოტლანდიური „ედინბურგი“ და მეოთხეზე – ფრანგული „კასტრი“. ესენი მერვედფინალში გავიდნენ, ხოლო „შავი ლომი“ და „სკარლეტსი“ პლეი ოფს მიღმა დარჩნენ.
ამდენად, ის, „სკარლეტსთან“ მოპოვებული და „გლოსტერთან“ ხელიდან გაშვებული გამარჯვებებიც მოულოდნელობებად და სასიამოვნო სიურპრიზებად უნდა მივიჩნიოთ. მთავარია სწორი დასკვნების გამოტანა. ამას კი არა ლევან მაისაშვილი, არამედ რიჩარდ კოკერილი იზამს. დიდი ალბათობით, ამ კაცის ხელში საკადრო ცვლილებებიც იქნება – როგორც „შავ ლომში“, ისე ეროვნულ ნაკრებშიც, რომელსაც, სხვათა შორის, ზუსტად ორ კვირაში ახალი თავგადასავალი ეწყება – რაგბი ევროპის მორიგი ჩემპიონატის სასტარტო მატჩში ბორჯღალოსნები გერმანიის ნაკრებს დაუპისრისპირდებიან.